FBI-მ ჰაკერების გამოსასყიდ ბიტკოინებს მიაკვლია და ამოიღო

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა კრიპტოვალუტაში მილსადენ Colonial Pipeline-ის გამოსასყიდს მიაკვლია და ამოიღო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. გენერალური პროკურორის მოადგილე ლიზა მონაკომ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 63,7 ბიტკოინი ამოიღო, რომლის ამჟამინდელი ფასი, დაახლოებით, 2,3 მლნ დოლარია.

„ჩვენ მივაკვლიეთ და ამოვიღეთ გამოსასყიდის დიდი ნაწილი,“ - განაცხადა ლიზა მონაკომ.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ FBI იმ ბიტკოინ-საფულის კერძო გასაღებს ფლობს, რომელზეც სახსრების დიდი ნაწილი იყო განთავსებული. დეტალები არ კონკრეტდება, თუ როგორ მოიპოვა წვდომა FBI-მ ამ გასაღებზე. მანამდე სან-ფრანცისკოს მოსამართლემ ნებართვა გასცა კრიპტოვალუტის ამ მისამართის „დაპატიმრებაზე,“ რომელიც კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში ფიქსირდებოდა.

გასული თვის დასაწყისში DarkSide-ის ბანდის ჰაკერებმა საწვავის უმსხვილესი მილსადენის ოპერატორ კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერშეტავა განახორციელეს და მისი კომპიუტერული ქსელი გამოსასყიდის მიზნით „მძევლად აიყვანეს.“ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელზე წვდომის აღდგენისთვის ჰაკერებს, თითქმის, 5 მლნ დოლარი გადაუხადეს.

Reuters -ის შეფასებით, ბიტკოინის ამოღება მარტივი სქმე არაა და იშვიათად ხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, „ხელისუფლებამ ციფრული ვალუტის დინებებზე თვალთვალის გამოცდილება გააფართოვა, რადგან პროგრამული გამომძალველები სულ უფრო საშიში ხდება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.“ ფედერალური საგამოძიებო სტრუქტურების მონაცემებით, „ჰაკერული ბანდები,“ ძირითადად, რუსეთში ბაზირებენ.

FBI-ის დირექტორის მოადგილე პოლ აბბატემ გუშინ იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ DarkSide რუსეთში ბაზირებული კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფებაა, რომლის მსხვერპლიც, მწარმოებლებიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურების კომპანიებით დამთავრებული, სულ ცოტა 90 ამერიკული კომპანია გახდა.

კომპანია Elliptic კრიპტოვალუტის მიკვლევაზე მუშაობს. მისი დამფუძნებელი ტომ რობინსონი აცხადებს, რომ ბიტკოინ-საფულეში, რომელიც FBI-მ გატეხა, 69,6 ბიტკოინი იყო განთავსებული, გამოძიებამ კი მხოლოდ ნაწილი - 63,7 ბიტკოინი ამოიღო. რობინსონის ვარაუდით, ეს DarkSide-ის „პარტნიორი ჯგუფის“ წილია, რომელმაც Colonial Pipeline-ის კომპიუტერული ქსელი გატეხა. გამომძიებლების მტკიცებით, DarkSide კიბერთავდასხმებში სხვა ჰაკერულ ჯგუფებთან პარტნიორობის მოდელს ხშირად იყენებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ