კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აზიის განვითარების ბანკთან აწარმოებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აზიის განვითარების ბანკთან აწარმოებს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით მოხდება პროექტის განხორციელება.

„დიღმის ჭალების პროექტი უკვე არსებობს. ჩვენ ბიუჯეტით ვაპირებდით ამ პროექტის განხორციელებას, თუმცა, არსებული პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა. ამ წუთში გვაქვს მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან. დიდი ალბათობით, მივაღწევთ შეთანხმებას და მათი ფინანსური მხარდაჭერით მოხდება პროექტის განხორციელება“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ნარჩენების მართვის სისტემის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის განხორციელებასაც გარკვეული წლები დასჭირდება, რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება იმიტომ, რომ ზოგადად რეფორმები, სიახლეები გარკვეულწილად საზოგადოებაში უკმაყოფლებას იწვევს, თუმცა ამას არ უნდა შევუშინდეთ, მთავარია, რომ ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის ეს რეფორმა განხორციელებული. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს ეს გამოცდილება, ამიტომ ჩართული გვყავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან პროექტის შემუშავებაში და შემდეგ, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. ძალიან მალე ჩვენც გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით, რეფორმა, რომელიც დაიწყება, უფრო მასშტაბური იქნება“,-განაცხადა კალაძემ.