უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ პროექტი პარლამენტში შევიდა

მთავარობის ინიციატივა, რომელიც უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას გულისხმობს, განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე წარედგინა.

ადმინისტრაციული ჯარიმის და საურავისგან ის პირები თავისუფლდებიან, რომლებმაც საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრეს და ამისთვის 5 ლარით დაჯარიმდნენ.  როგორც პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარება დაახლოებით 1 165 175 ლარი. აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

ადმინისტრაციული სახდელისაგან ის პირები გათავისუფლებიან, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობის გამო 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ.