ამირან გამყრელიძე - მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა გარანტირებულად გვექნება საწყობებში ყველა თვის დასაწყისში ვაქცინის სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველომ შესაძლოა, დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.

„დღეს ასული ვართ საშუალოდ 5 ათას აცრაზე, ორი დღე გვქონდა 6 ათასი და დღესაც დაახლოებით 6 ათასზე ოდნავ მეტ ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული. ივლისიდან იმისთვის, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, გვჭირდება დაახლოებით 20-დან 25 ათასამდე აცრა ყოველდღიურად. ამისთვის ვემზადებით იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს დადასტურებული, რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა გარანტირებულად გვექნება საწყობებში ყველა თვის დასაწყისში სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის. აქედან გამომდინარე, ინტენსიურად ვემზადებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.