კრემლს ინტერნეტის სრული გაკონტროლება სურს

რუსეთის საგარეო უწყება გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში ინტერნეტის კონტროლი სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს და მარეგულირებელი სამსახური შექმნას. ამის შესახებ უწყების საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორ ანდრეი კრუტსკიხმა განცხადება გუშინ გააკეთა, რასაც РИА Новости ავრცელებს.

ჩინოვნიკის თქმით, ინტერნეტი „პოლიტიკური მანიპულაციების პლატფორმად“ გადაიქცა და კერძო სექტორი მის რეგულირებას ეფექტიანად ვერ ახდენს.

„ცალკეული ციფრული პლატფორმები, სოციალური ქსელები და მესენჯერები შესაბამის პირობებში შესაძლოა, საზოგადოებირივი დესტაბილიზაციის წყაროდ და მთავრობაზე ზეგავლენის რესურსად გადაიქცეს,“ - აცხადებს კრუტსკიხი.

დიპლომატის თქმით, რუსეთი თანმიმდევრულ პოლიტიკას ეწევა ინტერნეტის მართვის ინტერნაციონალიზაციისა და ამ პროცესში სახელმწიფო როლის გაზრდის მიმართულებით.

„კერძო სექტორის მიერ ინტერნეტის რეგულირებამ, რომელშიც სახელმწიფოს როლი ნიველირებულია, კარგა ხანია, თავისი არაეფექტიანობა გამოამჟღავნა,“ - აცხადებს ანდრეი კრუტსკიხი.

2019 წელს პრეზიდენტ პუტინმა ინტერნეტს „დასავლეთის სპეცსამსახურების გამოგონება“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი წყალობით „სპეცსამსახურები თავდაცვით ინფორმაციას აგროვებენ.“ მიმდინარე წლის მარტში, პუტინმა ინტერნეტის წინააღმდეგ ისევ გაილაშქრა და განაცხადა, რომ „თუკი მორალის კანონებს არ დაუქვემდებარებენ, ინტერნეტი საზოგადეობას შიგნიდან დაანგრევს.“

ნოემბერში სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი იმ უცხოური ინტერნეტ-რესურსების ბლოკირების შესახებ, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას აცენზურებდნენ. მარტში კავშირგაბმულობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор) Twitter-ს ბრალი წაუყენა, რომ მან ქსელიდან რუსეთში აკრძალული კონტენტი არ ამოიღო და ამ ბრალდებით სოციალური ქსელის მუშაობა შეანელა.

მაისში Роскомнадзор ანალოგიური ზომებით Google-საც დაემუქრა იმ ბრალდებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციების გამხსნელი ბმულების 30%-ს საძიებო სისტემიდან არ იღებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ