რა გავლენა მოახდინა ლარის გამყარებამ საწვავის ბაზარზე  - უნდა ველოდოთ თუ არა ფასის შემცირებას

„იმ რეალური მოცემულობით, რა ფასიც იყო პლატცის და ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, იყო მოლოდინი, რომ საწვავზე ფასი 5-10 თეთრით კიდევ უნდა გაზრდილიყო, ეს საკითხი თავისთავად დაიხურა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის შემცირება დაახლებით, 5 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ბრენდულს, როგორც ვანო მთვრალაშვილმა განმარტა, რაღაც ეტაპზე, როდესაც პროდუქტი ახალი ფასით, ახალი კურსით შემოვა, უკვე შემდგომ გაჩნდება იმის რესურსი, რომ საწვავის ღირებულება დაკორექტირდეს.

„მიმდინარე მონაცემებით, ნავთობის ფასი, არის ბოლო 2 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნავთობპროდუქტებზე პლატცის ფასები გაზრდილია, როგორც ბენზინის, ისე დიზელის ტიპის საწვავის შემთხვევაში. ანუ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე არის გაზრდილი, პარალელურად, ლარი არის გამყარებული დოლართან მიმართებით და რა თქმა უნდა, აქ არის მნიშვნელოვანი გამყარება. აქედან გამომდინარე, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ჩვენ, პირველი მინდა გითხრათ, რომ იმ რეალური მოცემულობით, რა ფასიც იყო პლატცის და ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, თუ იყო მოლოდინი, რომ საწვავზე ფასი 5-10 თეთრით კიდევ უნდა გაზრდილიყო, ეს საკითხი თავისთავად დაიხურა. ლარის გამყარებამ პირველი პოზიტივი რაც შექმნა, ეს არის ფასების სტაბილიზაცია.

ახლა როდესაც ვსაუბრობთ ფასების შემცირების შემდგომ მოლოდინებზე, რა თქმა უნდა, კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ, ძირითადი ნაშთები მარაგების შეძენილი იყო იმ მაღალი კურსითა და მაღალი საერთაშორისო პლატცის ფასით. ახლა ყოველი ახალი იმპორტი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება, ეს არის გაზრდილი საერთაშორისო ფასით პლატცის მიხედვით და გამყარებული ლარით. ამ პირობებში დროის გარკვეულ ინტერვალში თავისთავად იქონიებს გავლენას. თუმცა, ალბათ, კითხვის ნიშანი უნდა დავსვათ, ლარი შეინარჩუნებს თუ არა პოზიციებს. იმიტომ, რომ ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი და შეიძლება ითქვას, ასევე ბევრი სხვა ეკონომიკური ფაქტორების და მოცემულობის გათვალისწინებით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.

ამიტომ, თუ ჩვენ ამ ვითარებას რეალურად შევხედავთ, შესაძლებელი არის პირველ რიგში, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს ვგულისხმობ, სადღაც 5 თეთრის ფარგლებში საწვავის ფასი შეამცირონ. არაბრენდულზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ყველაზე დაბალფასიანი რეგულარი ტიპის ბენზინი, რომელიც საქართველოშია, ეს არის თურქმენული პროდუქტი. იმის გამო, რომ ჩვენთან ის არის ახალი, საკმაოდ დიდი ფასდაკლებით მოდის, განსხვავებით ევროპიდან იმპორტირებულისგან. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებს შორის. თურქმენული პროდუქტის იმპორტიორები ძირითადად შედიან არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებში. შესაბამისად, არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს ამ მოცემულობის პირობებში მაქსიმუმ რაც შეუძლიათ ფასების კორექტირება გააკეთონ, ეს ალბათ, იქნება სადღაც, 5 თეთრის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება ამის საშუალება და რესურსი.

რაც შეეხება ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინი ოპერირებენ უფრო დიდი და სოლიდური ნაშთებით, მარაგებით. გარდა ამისა, ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს. ამ პირობებში მათთვის უფრო რთული იქნება ფასდაკლების პროცესის დაწყება, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. იმიტომ, რომ ჩვენ ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურენცია გვაქვს.

ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე, როდესაც ახალი პროდუქტი შემოვა, ახალ ფასში, ახალი კურსით მოხდება განბაჟება, უკვე შემდგომ გაჩნდება იმის რესურსი, რომ მოხდეს ფასების კლება“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნინი ქეთელაური