რუსეთში მარცვლეულის ფართობმა 5-წლიან რეკორდს მიაღწია

რუსეთის აგროსამრეწველო კომპლექსმა მარცვლეულის დათესვა, თითქმის, დაასრულა. სოფლის მეორნეობის სამინისტროსთან არსებული აგროანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, საგაზაფხულო ხორბლით დათესილმა მინდვრებმა 2016 წლის რეკორდულ ფართობს მიაღწია. ცენტრის მონაცემებს აგრარული ბაზრების ონლაინ-გამოცემა Совэкон ავრცელებს.

7 ივნისის მონაცემებით, მარცვლეული 29 მლნ ჰექტარზეა დათესილი, რაც დასახული მიზნის 99%-ს შეადგენს. წელს, შარშანდელთან შედარებით, მარცვლეული 0,2 მლნ ჰექტარით მეტ ფართობზე დაითესა. კერძოდ, ხორბლის მინდვრებმა 12,9 მლნ ჰექტარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 1,7%-ით, ხოლო შარშანდელზე 0,6 მლნ ჰექტრით მეტია.

Совэкон-ის შეფასებით, სათესი მინდვრების ფართობის ზრდა შესაძლოა, ცენტრალურ რეგიონებში საშემოდგომო ხორბლის მასშტაბურ გადათესვასა და მიმდინარე სეზონზე რეკორდულ ფასებს უკავშირდებოდეს. ექსპერტების პროგნოზით, თესვის დასრულებამდე შესაძლოა, დამატებით 0,2 მლნ ჰექტარი მიწა დაითესოს, რის შემდეგაც მთლიანი დათესილი ფართობი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დიდი იქნება. 2016 წელს მთლიანობაში 13,7 მლნ ჰექტარი დაითესა.

აგროანალიტიკური ცენტის მონაცემებით, ქერი 7,3 მლნ ჰექტარზე დაითესა, რაც დასახული მიზნის 95%-ია. დათესილი ქერი შარშან 7,8 მლნ ჰექტრს მოიცავდა.

სიმინდი წელს, შარშანდელის მსგავსად, 2,9 მლნ ჰექტარზე დაითესა, რაც გეგმაზე 4,1%-ით მეტია.

პროგნოზირებულზე მეტი დაითესა მზესუმზირაც. ის დაგეგმილთან შედარებით, 5,1%-ით მეტია და 9 მლნ ჰექტარზე დაითესა მაშინ, როცა გასულ წელს ნათესმა 8,1 მლნ ჰექტარი მოიცვა.

დათესილი სოიოს ფართობი, შარშანდელის მსგავსად, 2,5 მლნ ჰექტარია და პროგნოზირებული თესვის 83,2%-ს შეადგენს.

შაქრის ჭარხალი, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტ ფართობზე დაითესა. მან გეგმის 95,8% შეადგინა და თუ 2020 წელს 931,5 ათას ჰექტარზე დაითესა, წელს მისი ფართობი 1 მლნ ჰექტარია.

მთლიანობაში რუსეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციებმა და ფერმერებმა მარცვლეული და ბოსტნეული 293,2 ათას ჰექტარზე დათესეს, რაც დაგეგმილზე 54,2%-ით, ხოლო შარშანდელზე 160,1 ათასი ჰექტრით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ