მედიის ინფორმაციით, კიევის აეროპორტში თბილისიდან ჩაფრენილ თვითმფრინავში ბომბის საფრთხის გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

კიევში, ბორისპოლის აეროპორტში ავიაკომპანია „SkyUp Airlines“-ის თვითმფრინავიდან, რომელიც თბილისიდან ჩაფრინდა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, რის შემდეგაც ბორტი შეამოწმეს. ამის შესახებ „უკრინფორმი“ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავის შემოწმება ბომბის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.

„მივიღეთ ინფორმაცია თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ, რომელმაც შეასრულა რეისი თბილისი-კიევი. მგზავრები შეამოწმეს და მათი ევაკუაცია განხორციელდა“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, თვითმფრინავის დათვალიერების შედეგად, საეჭვო არაფერი აღმოჩენილა.