„მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, საჭიროდ მივიჩნევთ გერმანიაში დასაქმებულების ერთი ჯგუფის სხვა დამსაქმებელთან გადაყვანას, რის თაობაზეც კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა"

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ერთ ჯგუფს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიუხედავად ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ დასაქმებულები სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანონ, რის თაობაზეც გერმანულ მხარესთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული ორი მოქალაქე, რომელმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, დაბრუნდნენ დამსაქმებელთან და ამჟამად ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებიან.

„ფართო საზოგადოებისათვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების ერთ ჯგუფს, დამსაქმებლის მხრიდან არ დახვდათ შესრულებული ის პირობები, რაც წინასწარი ინფორმაციით იყო ცნობილი. ქართული მხარე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, ისევე როგორც ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის თანამშრომლები, პირველივე დღიდან იყვნენ ჩართული ამ საკითხების გადაჭრასა და გერმანულ მხარესთან კომუნიკაციის საკითხში. ამჟამად გამოსწორდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, საქმეში ჩაერთო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი მონიტორინგის უწყებები, რომლებმაც ადგილზე შეამოწმეს ქართველი მიგრანტების საცხოვრებელი პირობები, ასევე გაუწიეს მათ კონსულტაცია ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად უკვე გატარებული ღონისძიებებისა, ქართული მხარე მაინც საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნული ჯგუფის წევრების გადაყვანას სხვა დამსაქმებელთან, რის თაობაზეც გერმანულ მხარესთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზე არის. რაც შეეხება ორ პირს, ორივე მათგანი დაბრუნდა დამსაქმებელთან, ამჟამად იმყოფება ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარ საქციელს უწოდა „ნაჩქარევი“ და „ემოციურ ფონზე მიღებული".

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ხსენებული ნეგატიური შემთხვევის გარდა, მედიასაშუალებების მხრიდან ნაკლებია ინტერესი პროგრამის პოზიტიური შედეგებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც კმაყოფილია პროგრამის ფარგლებში არსებული საცხოვრებელი პირობებით, ისევე როგორც ანაზღაურებით. მიგვაჩნია, რომ ობიექტური და კვალიფიციური გაშუქების შემთხვევაში მარტივი აღსაქმელი იქნება ის, თუ რა დადებითი მხარეები აქვს დროებით ლეგალურ დასაქმებას როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნისთვის და თავად ამ მიგრანტისათვის, რისი მაგალითებიც უკვე არსებობს მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, რაც ასევე მოიცავდა ორგანიზაციულ ტექნიკურ მოსამზადებელ სამუშაოებსაც.

2021 წლის 14 აპრილიდან 8 ივნისამდე სულ გაემგზავრა 9 ჯგუფი 95 პირის შემადგენლობით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

რაც შეეხება ისრაელის სახელმწიფოსთან არსებულ შეთანხმებას, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს კონკრეტული კვალიფიკაციის და დადასტურებული სერტიფიკატის მქონე შინმოვლის სპეციალისტების დასაქმებას, შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისაგან განსხვავებით, ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული შეთანხმება ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს კონკრეტული კვალიფიკაციის და დადასტურებული სერტიფიკატის მქონე შინმოვლის სპეციალისტების დასაქმებას ერთიდან 5 წლამდე. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.