2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.5%-ით გაიზრდება

პარლამენტმის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკური ზრდის საშუალო ვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა.

აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე სცენარს მოიცავს, კერძოდ ოპტიმისტურ, პესიმისტურსა და საბაზისო სცენარებს.

საბაზისო სცენარის მიხედვით, 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.5% იქნება. საბაზისო მოდელი უშვებს, რომ 2021 წლის მეორე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად სწრაფად დაიწყებს აღდგენას, ხოლო 2021 წლის ვირუსის გავრცელების ე.წ. „მეოთხე ტალღა“ უმნიშვნელო იქნება და ეკონომიკურ მოვლენებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, 2021-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკის საშუალო ზრდა 7.9 % იქნება. ოპტიმისტური სცენარი, გულისხმობს დაშვებას, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად სწრაფად დაიწყებს აღდგენას და ვირუსის გავრცელების შემდეგ „ტალღებს“ ადგილი აღარ ექნება. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, საქართველოში 2021 წლიდან დაიწყება ტურისტული სექტორის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, საგარეო მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდა.

რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, აღნიშნული პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკის საშუალო ზრდა 3% იქნება. პესიმისტური სცენარი გულისხმობს დაშვებას, რომ 2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება და არსებული შეზღუდვები და აკრძალვები კვლავ შენარჩუნდება. ასევე გაგრძელდება 2021 წლის მესამე კვარტლის განმავლობაშიც, ხოლო მეოთხე კვარტლისათვის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ საპასუხოდ უმნიშვნელო შეზღუდვებს კვლავ ექნება ადგილი.

ნოდარ სირბილაძე