1-ელ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 28.3%-ით არის შემცირებული

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის 1-ელ კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით (22.2 პროცენტი).

თაია არდოტელი