კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახები იქნება.

„ჩვენ სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. ათეული წლებია ამ ადამიანებს, ოჯახებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი ამ ადამიანებთან მიმართებით, ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, პირობა მივეცით ამ ოჯახებს, დაახლოებით 3 ათასი ოჯახია, რომ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებდით და მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ საკუთარი საცხოვრებელი ბინები. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. გამოცხადდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესი, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოყო, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ ამ ოჯახებს გადასცემენ საცხოვრებელ ფართებს.

რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით განვსაზღვრეთ, სოციალური ქულების მიხედვით. დღესაც, ვისაც არ შემოუტანია განაცხადი, ჩემი თხოვნა იქნება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს სოციალური ქულების მინიჭება და შესაბამისად რიგითობის დაკავება“,-განაცხადა კალაძემ.