აშშ-ში ბაფეტის, ბეზოსის და მასკის საგადასახადო მონაცემების გაჟონვის ფაქტებს შეისწავლიან

აშშ-ის საგადასახადო ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება მილიარდერების საგადასახადო მონაცემების გაჟონვის შესახებ, რომელთა შორის არიან Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორი უორენ ბაფეტი, Amazon-ის თავკაცი ჯეფ ბეზოსი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი და ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

ამერიკის საგადასახადო ორგანოების კონფიდენციალური მონაცემები გამოცემა ProPublica-მ გაავრცელა. ჟურნალისტებმა გააანალიზეს 1000 უმდიდრესი ამერიკელის საგადასახადო დეკლარაციები და დაადგინეს, რომ 25 უმდიდრესი ამერიკელი, მათ შორის ბაფეტი, ბლუმბერგი, ბეზოსი და მასკი იმაზე ნაკლებ მოგების გადასახადს იხდიდნენ, ვიდრე საერთო წესით იყო დადგენილი.

ჟურნალისტების გამოძიებით, ამ ადამიანებმა 401 მილიარდი დოლარის ჯამური ქონების ფონზე 2014-2018 წლებში გადაიხადეს 3,4% ფედერალური გადასახდელი, ანუ 13,6 მილიარდი დოლარი. ProPublica-ს ინფორმაციით, ბაფეტმა გადაიხადა მის შემოსავლებთან შედარებით ყველაზე ცოტა 23,7 მლნ დოლარი, მაშინ როცა მისი ქონება გაიზარდა 24,3 მილიარდი დოლარით, ეს კი ექვივალენტურია 0,10%-ის.

ამერიკის საგადასახო კანონდებლობის თანახმად, აქტივების ზრდა ითვლება შემოსავლების ზრდად მანამ, სანამ ისინი არ გაუყიდიათ. ჯამურად კი გადასახადების ოპტიმიზაციის გამოყენებით ამ მილიარდერებმა ბევრად უფრო ნაკლები გადასახადი გადაიხადეს, ვიდრე იხდიან ტიპური ამერიკული ოჯახები.

ამერიკის გადასახადების კომისარმა ჩარლზ რეტტიგმა განაცხადა, რომ სააგენტომ დაიწყო გამოძიება, რათა დაადგინოს გაჟონვის წყარო. მისი თქმით, ის იზიარებს თითოეული ამერიკელის წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჯაროვდა კონფიდენციალური ინფორმაცია.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯენ ფსაკის თქმით, ნებისმიერი არასანქცირებული გავრცელება კონფიდენციალური ინფორმაციის არის კანონდარღვევა და აღიქმება „ძალიან სერიოზულად“. ამასთან, ამ გაჟონვამ დაანახა, რომ „საჭიროა გაკეთდეს უფრო მეტი, რომ კორპორაციებმა და კერძო პირებმა მეტად სამართლიანად გადაიხადონ გადასახადები“ - დასძინა მან.

ProPublica-ში აცხადებენ, რომ არ იციან წყაროს ზუსტი ვინაობა და მისი მოტივი.

კოკა კვირკველია