,,ქვეყანა არ არის  საინვესტიციოდ მიმზიდველი, ამის მთავარი მიზეზი, ეკონომიკური ფუნდამენტის არქონაა“

2021 წლის 1-ელ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 28.3%-ით არის შემცირებული. ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეკონომიკის დოქტორმა, ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა. მისი თქმით, ძირითადი მიზეზი, ქვეყანაში კერძო საკუთრების არასწორი ფორმირებაა.

,,ინვესტიციების კლება, ცხადია ერთის მხრივ პანდემიითა განპირობებული, თუმცა არ არის მხოლოდ ეს ფაქტორი. დინამიკაში რომ გადავხედოთ, 2017 წლიდან ჩვენ ინვესტიციების სიმცირეს განვიცდით და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება არ გვაქვს. ქვეყანა არ არის საინვესტიციოდ მიმზიდველი, რომ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს და მეტ განვითარებას მიაღწიოს. ამის მთავარი მიზეზი, ეკონომიკური ფუნდამენტის არქონაა. ვგულისხმობ, კერძო საკუთრების ფორმირებას. ეკონომიკური აქტივები, რაც უნდა ქმნიდეს დოვლათს, დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია.

პრივატიზების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ძირეული ცვლილება არ მომხდარა. ძირითადი აქტივების დახლოებით 60-70% კვლავ სახელმწიფოს ხელშია. მათი კერძო საკუთრებაში გადასვლა კი გაყიდვის გზით შეუძლებელია განკერძოვდეს. ამას ათწლეულები დასჭირდება.

აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორიც, ბიუროკრატიული წინააღმდეგობის სახით. ინვესტორს მოლაპარაკება უწევს არა კერძო სუბიექტთან, არამედ სახელმწიფოსთან და ჩინოვნიკთან. ამის კარგი მაგალითი ანაკლიის პორტია, რომელიც, მხოლოდ იმიტომ ვერ აშენდა, რომ სახელმწიფოს მზაობა არ იყო. შეუძლებელია მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, სანამ მთავრობაა გადამწყვეტი. ყოველთვის იქნება კორუფციის და პოლიტიკური მიზანშეწონილობით განპირობებული რისკები“,- განაცხადა მაკალათიამ.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის 1-ელ კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია.

თამარ მუკბანიანი