პანდემიურ 2020 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ბანკირი

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, კობა გვენეტაძემ გასულ წელს ხელფასის სახით 210 155 ლარი მიიღო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აქედან 62 712 ლარი სებ-ის საჭოს წევრობისთვის, ხოლო 147 443 ლარი პრეზიდენტობისთვის.

მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პანდემიურ, 2020 წელს 9 ათას ლარად მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი. მის სახელზეა ასევე: 2018 წელს შეძენილი 2 ავტოფარეხი, რაშიც ჯამში 43 000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, იმავე წელს შეიძინა 197 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 570 000 ლარია. თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინის 50%-იანი წილის მფლობელი კობა გვენეტაძის მეუღლეა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, გვენეტაძე ფლობს 2016 წელს 62 000 ლარად შეძენილ 70,02 კვ.მ ფართის ბინას სამგორის რაიონში. გარდა ამისა, კობა გვენეტაძის სახელზეა გაფორმებული 1993 წელს შეძენილი ბინა საქართველოში და 2006 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი აშშ-ში. კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ბინა ასათიანის ქუჩაზე, რაშიც 2012 წელს 37 000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, გარდა ზემოთ მითითებული წილებისა, კობა გვენეტაძის მეუღლეს ეკუთვნის 2006 წელს შეძენილი 70 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 70 500 დოლარია. ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აგარაკი კუმისში.

ამასთან, კობა გვენეტაძეს ეკუთვნის 2014 წელს შეძენილი ავტომობილი Lexus GX 460, რომლის ღირებულებაც 60 140 დოლარია. ასევე, ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს შეადგენს. მის საკუთრებაშია ასევე: 2017 წელს შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კობა გვენეტაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა ჯამში, 757 480 ლარს; 389 157 დოლარს, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 2800 დოლარი და 800 ევრო ჰქონდა.