Ryanair-სა და British Airways-ს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

ინგლისელი მარეგულირებლები ავიაკომპანია Ryanair-სა და British Airways-ს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. Reuters ანტიმონოპოლიური ორგანოს განცხადებას ავრცელებს, რომ კონკურენციის სააგენტო ავიაკომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გატარებას იწყებს, რადგან მათ კოვიდპანდემიის გამო გაუქმებული ფრენების საფასური მგზავრებს უკან არ გადაუხადეს.

British Airways-მა თანხის დაბრუნების სანაცვლოდ მგზავრებს ვაუჩერები ან გადაჯავშნა, Ryanair-მა კი მხოლოდ გადაჯავშნა შესთავაზა. კონკურენციისა და ვაჭრობის სამმართველო მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი დაარღვიეს და მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მარეგულირებლები მომხმარებლებისთვის ფულად ან სხვა სახის ანაზღაურებას ითხოვენ. სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეა კოსჩელი აცხადებს, რომ რთული ფინანსური მდგომარეობა არ ამართლებს ავიაკომპანიების უსამართლო ქმედებას, სახსრების გარეშე დატოვონ მომხმარებლები.

თავის მხრივ, Ryanair-ში აცხადებენ, რომ საქმის გადახედვას ემხრობიან, რადგან მანამდე თითოეული შემთხვევის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, მგზავრებს ზარალს უნაზღაურებდნენ. British Airways-იც ამტკიცებს, რომ ავიაკომპანია ყოველთვის კანონით მოქმედებდა და პანდემიის დაწყებიდან, თითქმის, 3 მლნ დოლარი დააბრუნა უკან.

„დაუჯერებელია, რომ მთავრობა კიდევ უფრო მეტად სჯის დარგს, რომელიც გაჭირვებისგან ისედაც მუხლებზე დგას, რადგან წელიწადზე მეტია, ავიაკომპანიებს მნიშვნელოვან მგზავრობებს უკრძალავს,“ - ნათქვამია British Airways-ის განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ