აფბა: ლარის გაუფასურების შედეგად ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) განცხადებით, ლარის გაუფასურების შედეგად ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

როგორც "აფბას" ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაცვლით კურსსა და ფასების დონეს შორის კავშირი ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა, მნიშვნელოვანია, რამდენად მჭიდროა კავშირი ამ ორ მაკროეკონომიკურ პარამეტრს შორის. "პირველ რიგში, ამ დამოკიდებულების შესაფასებლად, გადავხედოთ გასული წლების პრაქტიკას და გავაანალიზოთ, როგორ აისახებოდა ლარის გამყარება, ან გაუფასურება ქვეყანაში ფასების დონეზე. გადავხედოთ ბოლო წლების დინამიკას და დავაკვირდეთ იმ პერიოდებს, როდესაც ლარის კურსის მნიშვნელოვან და მკვეთრ მოძრაობას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2006 წლის მარტში 1 დოლარი ღირდა 1,83 ლარი, 2007 წლის მარტში კი - 1.70, ანუ ლარი გამყარდა 7%-ით, მაგრამ ზუსტად იგივე პერიოდში ინფლაცია იყო 9,7%. ასევე, 2008 წლის მარტში 1 დოლარი უკვე 1.50 ლარი ღირდა, ანუ გამყარებული იყო 12%-ით, მაგრამ ინფლაცია იყო 12.3%. ანუ, მყარდებოდა ლარი, მაგრამ ფასები საკმაოდ დიდი მოცულობით იზრდებოდა. მაგალითისთვის, ასევე გვინდა მოვიყვანოთ 2011 წლის მაისი, როდესაც წინა წელთან შედარებით ლარი 10%-ზე მეტად იყო გამყარებული, მაგრამ ინფლაციამ 14.3% შეადგინა, მათ შორის სურსათზე 30,7%. ამდენად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გაცვლით კურსს და ინფლაციას შორის საქართველოში მნიშვნელოვანი კავშირი არ არის", - განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს ფინეთის ბანკის კვლევაც, რომლის მიხედვით, საქართველოში გაცვლითი კურსის 1%-ით ცვლილება, ფასების დონეს ცვლის 0,14%-ით. "მხოლოდ გაცვლითი კურსის ცვლილებით ფასების დონის ზრდა მოსალოდნელი არ არის. დამაიმედებელია გლობალური ტენდენციებიც, ვინაიდან, მსოფლიო ბაზარზე ძირითადი სასურსათო პროდუქცია იაფდება. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ნოემბრის მდგომარეობით, გასული წლის ნოემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, სურსათი მსოფლიოში საშუალოდ 7%-ით არის გაიაფებული. მათ შორის, რძის პროდუქტები გაიაფებულია 30%-ით, მარცვლეული - 6%-ით, მცენარეული ზეთები - 17%-ით, შაქარი - 8%-ით. გაძვირებულია მხოლოდ ხორცი - 13%-ით. ამდენად, მიმდინარე, როგორც შიდა, ისე გარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა აღსანიშნავია ახალი წლის მოახლოვების ფაქტორი, როდესაც ფასები პროდუქციაზე იზრდება, თუმცა, ეს მოკლევადიანი პროცესია და ფასების გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის" - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.