ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს გადააჭარბა - სექტორები, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილია

ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 5%-ით გადააჭარბა. როგორც hr.ge-ს მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სექტორებს შორის ყველაზე აქტიური "ჰორეკაა". მისი თქმით, ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% დღეს უკვე სწორედ კვებისა და სასტუმრო ობიექტებზე მოდის.

„ვაკანსიების კუთხით მატება ნამდვილად გვაქვს. 2021 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყო ზრდა. ყველაზე დიდი მატება იყო მარტში და შემდეგ მაისში. მეტიც, მაისში სამუშაო ადგილები არა მარტო გაუტოლდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, არამედ 5%-მდე გაიზარდა კიდეც.

ივნისი, რადგან ზაფხულია, შედარებით პასიურია, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ დიდი კლებაა. მაისთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით, 10%-ით შემცირდა, მაგრამ ეს ლოგიკურია, ყოველ წელს ასეთი ტენდენციაა ივნისში.

კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რითაც მიმდინარე წელი გამოირჩევა, არის ის, რომ როგორც იცით, პანდემიის დროს „ჰორეკა“ სექტორი საკმაოდ პასიური იყო, თუმცა თებერვლის მეორე ნახევრიდან და მარტში დაიწყეს გააქტიურება. ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს უკვე ჯამური ვაკანსიების რაოდენობიდან 22% სწორედ „ჰორეკა“ სექტორზე მოდის, რაც ძალიან კარგი შედეგია, რადგან პანდემიამდე იყო დაახლოებით 20%“,- ამბობს ინგა შახბაზიანი.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ახალი კადრების ყველაზე მეტი მოთხოვნაა, hr.ge-ს მენეჯერის ინფორმაცით, ეს არის გაყიდვები, „ჰორეკა“ (სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი), ბუღალტერია-ფინანსები, საბანკო და სამედიცინო სფეროები.

„დღეს უკვე ყველა სფერო აქტიურობს, უბრალოდ, სტატისტიკურად, კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაყიდვები - 23%, 22% მოდის „ჰორეკა“ სექტორზე, შემდეგია ბუღალტერია-ფინანსები - 5%, ასევე 5% - საბანკო და 4% - სამედიცინო სფეროები. დანარჩენი სექტორები არის 2%-ზე ნაკლები“,- განმარტავს ინგა შახბაზიანი.

კითხვაზე, შემცირდა თუ არა სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა, hr.ge-ს მენეჯერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დღეში 80-დან 120-მდე ადამიანი რეგისტრირდება, რაც სტაბილური მაჩვენებელია. თუმცა, პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, მათი რაოდენობა თითქმის, გაორმაგებული იყო.

„ჩვენთან სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაცია მუდმივად მიმდინარეობს. მკვეთრად შემცირებული ან გაზრდილი არ არის. პანდემიის პერიოდში, პირველ 2 კვარტალში იყო მომატებული. კერძოდ, დაახლოებით, დღეში 100 სამუშაო მაძიებლიდან გაზრდილი იყო 200-მდე. დღეს ეს ისევ სტაბილურად არის, დღიურად 80-დან 120-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ზოგადად, ბევრი კომპანია თავიდან ათავსებს ვაკანსიას და მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ ახერხებს კადრის აყვანას. აქ უფრო პრობლემა არის ხარისხში. მაგალითად, ბოლო პერიოდში იყო საუბარი, რომ მიმტანების მიმართულებით მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა, თვითონ მიმტანების რაოდენობა შემცირებულია. ალბათ, ესეც პანდემიამ განაპირობა, ძალიან ბევრი მიმტანი, რომელიც უმუშევარი დარჩა, სხვადასხვა სფეროში დასაქმდა. შესაბამისად, დღეს უკვე აღარ უნდა ამ სექტორში დაბრუნება და შესაძლოა, ამიტომაა ამ მიმართულებით კადრების ნაკლებობა“,- ამბობს ინგა შახბაზიანი.

ნინი ქეთელაური