ჰაკერების მორიგმა მსხვერპლმა კომპანიამ გამოსასყიდის სახით 11 მლნ დოლარი გადაიხადა

ხორცპროდუქტების მწარმოებელმა გლობალურმა კომპანია JBS USA-მ კიბერშტევის დროს ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 11 მლნ დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრე ნოგეირას დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს. გამოსასყიდი ბიტკოინებით იქნა გადახდილი.

ბრაზილიური ფირმა JBS SA-ს შვილობილმა კომპანიამ გასულ კვირას კიბერშეტევის გამო აშშ-ს ყველა ქარხანაში მსხვილფეხა საქონლის დაკვლისა და ხორცის გადამუშავების პროცესი შეაჩერა, რამაც ჩრდილოამერიკასა და ავსტრალიაში ხორცპროდუქტების მიწოდების ჯაჭვი შეაფერხა და ისედაც მაღალი ფასები კიდევ უფრო გაზარდა. JBS-ის ხორცის საწარმოები აშშ-ს საქონლის ხორცის მეოთხედს აწარმოებს.

„გამოსასყიდის გადახდა ჩვენი კომპანიისთვის და პირდად ჩემთვის მეტად რთული გადაწყვეტილება იყო. თუმცა ამ დროული ნაბიჯით ჩვენი კლიენტები პოტენციურ საფრთხეს ავარიდეთ,“ - აცხადებს გენერალური დირექტორი.

კიბერშეტევის შედეგად აშშ-ს საწარმომ, სულ მცირე, წარმოების 1 დღე დაკარგა. გამომძალველი პროგრამა მსხვერპლის კომპიუტერულ მონაცემებს შიფრავს და როგორც წესი, გასაღების სანაცვლოდ ჰაკერები გამოსასყიდ თანხას კრიპტოვალუტაში ითხოვენ. აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ 100-მდე სხვადასხვა ტიპის გამომძალველ პროგრამას მიაკვლია. FBI-ის მტკიცებით, კიბერდანაშაულებრივი ჯგუფები, ძირითადად, რუსეთშია ბაზირებული და კომპანია JBS-ზე თავდასხმის მიღმაც „Revil“ და „Sodinokibi“-ის სახელწოდებით ცნობილ რუსი ჰაკერების ბანდებს მოიაზრებენ.

ორშაბათს FBI-მ გაავრცელა განცხადება, რომ მილსადენ Colonial Pipeline-ის გამოსასყიდის ძირითად ნაწილს მიაკვლია და 2,3 მლნ დოლარის ღირებულების 63,7 ბიტკოინი ამოიღო. მაისის დასაწყისში საწვავის უმსხვილესი მილსადენის ოპერატორ კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერშეტავა, ასევე, რუსულმა ჰაკერულმა ბანდა DarkSide-მა განახორციელა. ქსელზე წვდომის აღდგენისთვის ჰაკერებს, თითქმის, 5 მლნ დოლარი გადაუხადეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ