„სულელური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა“ - რა პრობლემებს გამოიწვევს საკადასტრო ამონაწერის გარეშე ყურძნის ჩაბარების აკრძალვა

საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს, შესაბამისად, წელს რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას მევენახეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნაწილი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, უმრავლესობა კი მას „გაუაზრებელს“ და „სულელურს“ უწოდებს.

ოთარ ბერძენიშვილი, რომელსაც ვენახები წინანდალში აქვს, ამბობს, რომ ინიციატივა მხოლოდ ბიუროკრატიის ზრდაზეა ორიენტირებული და ფერმერებს მოსავლის ჩაბარების პროცესს გაურთულებს. მისი თქმით, ეს „სულელური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა“.

,,ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სულელური და გაუაზრებელია. საერთოდ, აქვთ ინფორმაციაა რამდენი ვენახია გაფორმებული და რამდენი გაუფორმებელი, ან რატომ ვერ იფორმებენ გლეხები საკუთრებას? მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. როცა ვეკითხები, რატომ არ იფორმებენ, ამბობენ, რომ არავინ წაართმევს, მათია და არ საჭიროებენ დამატებით იუსტიციის სახლში სიარულს. ჯერ, უნდა შემოიღონ პროგრამა, რომლითაც მიწები გაფორმდება.

ეს გამოიწვევს ორ რამეს - ერთი ან მევენახე ვერ ჩააბარებს ყურძენს, ან მოხდება მეორე შემთხვევა - რომ სხვისი საკადასტრო კოდით ჩააბარებს. ვინ დათვლის, რამდენი უნდა მოვიდეს ერთ ვენახში და რა პრობლემა იქნება, რომ ერთი გაფორმებული მიწის ნაკვეთზე მოსულ მოსავლათან ერთად, მეორეც ჩააბარონ?

საერთოდ არ იყო ეს ნორმა, როცა ჩემი შვილების და მეზობლების მოსავალს მე ვაბარებდი, რადგან მათ არ ეცალათ. მე პირადად, ჩემი ვენახების 40% გაუფორმებელი მაქვს, რადგან იუსტიციის სახლში სხვადასხვა მიზეზით პროცესი იწელება. ვიღაცას სახელი აქვს შეცვლილი და საბუთების მოძიება მიდის, სადღაც სხვის მიწაზე ზედდებაა და მფლობელი ქვეყანაში არ არის და სხვა არაერთი მიზეზი. რეგიონებში, კომპეტენცია არ აქვთ ამზომველებსაც და ეს ყველა მიზეზი ერთად ქმნის ფონს, როცა მიწების დიდი ნაწილი არ არის გაფორმებული. ჯერ ეს უნდა მოგვარდეს“- აცხადებს წინანდლელი ფერმერი.

გადაწყვეტილება რომ არავითარ შედეგზე არ არის ორიენტირებული, ეჭვი არ ეპარება კიდევ ერთ მევენახეს, მიხეილ ონაშვილს. მისი თქმით, თუ ცვლილება იგეგმებოდა, ამის შესახებ 1 წლით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო ცნობილი.

,,არაფერს ემსახურება ეს გადაწყვეტილება ბიუროკრატიის ზრდის გარდა. თანამდებობის პირებს რომ ვკითხოთ, რა მიზანშეწონილობა აქვს, ან რაში დამეხმარება მე, როგორც მევენახეს ეს ან სახელმწიფოს, დარწმუნებული ვარ, ვერავინ მიპასუხებს. ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტას აქვს გაფორმებული და ძალიან მაინტერესებს, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა რომელიც 30 წელია არსებობს 5 თვეში, მოსავლის აღებამდე, ან თუ აპირებდნენ, რატომ 1 წლით ადრე არ დაიწყეს მუშაობა. ხან სტიქია გვინადგურებს მოსავალს, ხან ძალიან დიდი ხარჯის გამო სათანადოდ ვერ ვუვლით და ჩვენს პრობლემებს ზუსტად ეს აკლდა“, - განუცხადა ონაშვილმა ,,ბიზნეპრესნიუსს“.

თუცმა, არიან ისეთებიც ვისთვისაც დროც საკმარისია და გადაწყვეტილების შინაარსიც მოსწონთ. მევენახე მალხაზ ქევხიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება კარგია, ის ყურძნის ხარისხზე ვერ აისახება.

,,მოსავლის აღებამდე, დრო საკმაოდ დიდია და წესით, ყველამ უნდა მოასწროს რომ ვენახი გაიფორმოს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ძალიან კარგია. სისტემა იქნება მოწესრიგებული, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ყურძნის ხარისხზე ეს ვერ აისახება“- ამბობს ქევხიშვილი.

ცნობისთვის, როგორც ღვინის სააგენტოში განმარტავენ, საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.

თამარ მუკბანიანი