ოქროს ფასი ეცემა

რუბლის ვარდნის ფონზე, მკვეთრად ეცემა ოქროს ფასიც - ნიუ იორკის ბირჟაზე ოქროს ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა და მისმა ღირებულებამ უნციაზე 1210 დოლარიდან 1190,6 დოლარამდე შეადგინა.

ექსპერტთა განცხადებით, ოქროს ფასის შემცირების მიზეზი აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი და რუსული რუბლის ვარდნაა. მათივე შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა, რეზერვებიდან ოქროს გაყიდვა დაიწყოს, რათა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა შეაჩეროს.

მოსკოვის სავაჭრო ბირჟაზე დღევანდელი დილის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 11:39 საათზე ევროსა და რუბლის კურსმა ახალი რეკორდი დაამყარა. ევროს კურსმა 81 რუბლს მიაღწია, დოლარის კურსმა კი თითქმის 65 რუბლი შეადგინა. წუხელ რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ ასევე მკვეთრად გაზარდა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10,5%-დან 17%-მდე.

ვარდნას განაგრძობს ნავთობის მსოფლიო ფასიც. 2009 წლის ივლისის შემდეგ ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 60 დოლარზე ქვევით დაეცა და 59,63 დოლარი შეადგინა ბარელზე. WTI-ის ნავთობზე ფასი 2,06%-ით შემცირდა და 54,78 დოლარს მიაღწია.