ონლაინ-მარკეტი Faire, რომელიც  მცირე ბიზნესს Amazon-თან კონკურენციაში ეხმარება, 7 მლრდ დოლარად შეფასდა

საბითუმო ონლაინ-მარკეტი Faire დღეს გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომ დაფინანსების ბოლო რაუნდში 260 მლნ დოლარი დააგროვა და ამჟამად 7 მლრდ დოლარად არის შეფასებული. რაუნდს სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი კაპიტალური ფირმა Sequoia Capital უძღვებოდა.

კომპანიის გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის მაქს როდსის თქმით, Faire მცირე საცალო მოვაჭრეებს მცირე ბრენდებთან დაკავშირებაში ეხმარება და ხელს უწყობს მათ კონკურენციას საცალო ვაჭრობის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Amazon.com ან Walmart.

Reuters-ის ცნობით, მაქს როდსმა კომპანია მას შემდეგ დააფუძნა, რაც მაღალი ხარისხის ქოლგების მწარმოებელი ახალზელანდიური ბრენდისთვის გაყიდვის არხებს ეძებდა, რათა პროდუქცია აშშ-ში გაეყიდა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით დავფრინავდით, ვესწრებოდით გამოფენებს, საცალო მოვაჭრეებთან ელ-ფოსტით ათასნაირი მიმოწერა გვქონდა და ჩვენთვის ელექტრონული ფოსტა ამ ბიზნესში ტექნოლოგიური ინოვაციის ერთგვარ მწვერვალს წარმოადგენდა,“ - იხსენებს როდსი.

მისი თქმით, სულ უფრო იზრდება იმ ტექნოლოგიური კომპანიების რიცხვი, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს ინტერნეტით გაზრდაში ეხმარებიან. მათი სერვისი მოიცავს მიწოდებას, გადახდას, ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და მარკეტინგულ მომსახურებებს, რათა გაყიდვები Amazon-ის ბაზრის გარეთ შეძლონ. სწორედ ამიტომ Faire-მა საქონლის საძიებო სისტემაში დაამატა ფილტრი, სახელწოდებით - „არა Amazon-ზე,“ რომელიც დღეს მეტად პოპულარულია.

მაქს როდსის მონაცემებით, Faire-ის პლატფორმაზე საშუალო საცალო მოვაჭრის ან ბრენდის თვიური გაყიდვების მოცულობა 250 000 დოლარს შეადგენს. აშშ-ში წარმატების შემდეგ, Faire სამი თვის წინ ევროპის ბაზარზეც გავიდა, სადაც სწრაფად იზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ