რა ბიზნესები აქვს საქართველოში „კავკასუს ონლაინის“ მფლობელს

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი საქართველოში სხვა ბიზნესსაც ფლობს. ნასიბ ჰასანოვი ხვიჩა მაქაცარიასთან ერთად „თბილისი ენერჯის“ მფლობელიცაა.

შეგახსენებთ, რომ Neqsol Holding-ის დამფუძნებლების და მათ შორის ნასიბ ჰასანოვთან დაკავშირებით საქართველოში ინფორმაცია გასულ წელს გაჟღერდა, როდესაც მან კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ჯერ 49%, შემდეგ კი 51%-იანი წილი შეიძინა, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან ირკვევა, ნასიბ ჰასანოვს საქართველოში სხვა ბიზნესებიც აქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2019 წლის ივლისამდე შპს „თბილისი ენერჯის“ იურიდიული სახელწოდება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იყო. 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა სს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ვოლთბეიმ“ შეისყიდა, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 2018 წელს კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარია იყო.

ამავე კვლევის მიხედვით, 2019 წელს „ვოლთბეიში“ 50%-იანი წილი „Weco investment and finance S.A.“-მ შეისყიდა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco investment and finance S.A.“-ს 100%-ის მფლობელი ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ია, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის საბოლო ბენეფიციარი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვია. „Weco investment and finance S.A.“-მა 2019-2021 წლებში „კავკასუს ონლაინის“ 100% შეიძინა. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გარიგება სამართალდარღვევად სცნო და „კავკასუს ონლაინს“ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

როგორც „თბილისი ენერჯის“, ასევე „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი, ერთი და იგივე პიროვნება ნასიბ ჰასანოვია“, - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისათვის, Neqsol Holding-ი აზერბაიჯანული ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის - BakCell-ის აქტივების 100%-იანი წილი. კომპანიას აზერბაიჯანში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. უფრო დიდია Neqsol Holding-ის კიდევ ერთი სატელეკომუნიკაციო აქტივის მოცულობა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. საუბარია Vodafone Ukraine-ზე, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს.