რუსეთში საექსპორტო ზეთი და ხორბალი იაფდება

მიმდინარე თვის დასაწყისიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთსა და ხორბალზე როგორც შიდა, ისე საექსპორტო ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. აგრარული ბაზრების ონლაინ-გამოცემა Совэкон-ის მონაცემებით, ქვეყნის შიდა ბაზარზე ტონა ზეთი ერთბაშად 2 ათასი რუბლით (27,69 დოლარით) გაიაფდა და საშუალოდ, 116,35 ათასი რუბლი (1607 დოლარი) გახდა.

რაც შეეხება ექსპორტს, საგარეო მიწოდებებში ტონა ზეთმა ფასში 180 დოლარით იკლო. ამჟამად 1 ტონა რუსული მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ფასი 1290 დოლარია.

რუსეთის აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტი ИКАР, ასევე, მიუთითებს მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ფასის კლებაზე. ИКАР-ის მონაცმებით, ექსპორტზე ტონა რუსული ზეთის ფასი 1 450 დოლარიდან 1 300 დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ხორბალს, ИКАР-ის მონაცმებით, 12,5%-იანი ცილის ახალი მოსავლის ხორბლის საექსპორტო ფასი ტონაზე 260 დოლარიდან 256 დოლარამდე შემცირდა, ხოლო Совэкон-ის მონაცმებით, საგარეო ბაზრებზე ტონა რუსულ ხორბალზე ფასი 7 დოლარით შემცრდა და 265 დოლარი გახდა. ანალიტიკურ ცენტრ "რუსაგროტრანსის" ხელმძღვანელი იგორ პავენსკი აცხადებს, რომ ახალი მოსავლის ტონა ხორბალზე საექსპორტო ფასი 255 დოლარის ნიშნულზე სტაბილურად შენარჩუნებულია.

ცნობისათვის, რუსეთი საქართველოში ზეთისა და მარცვლეულის მთავარი იმპორტიორია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ