ავტომფლობელებს 112-ის მიმართ დავალიანება ჩამოეწერებათ

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, მოქალაქეებს „112“-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების თანახმად, იმ პირებს, რომელთა ავტომობილიც, კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და მათი გაყვანა დღემდე არ მომხდარა, ერთჯერადად, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთარი ავტომობილის დაბრუნების საშუალება ეძლევათ. ამასთან, მათ პირებს სრულად ჩამოეწერებათ „112-ის“ წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა, დღეის მდგომარეობით, 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

„4 მილიონ ლარამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.