საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სესხების, ტექნიკური დახმარებისა და გრანტების სახით დაახლოებით 483 მილიონ ევროს გადასცემს

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კუპრიმ პარტნიორობის შეთანხმებას 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის შესახებ ხელი მოაწერეს.

ხელის მოწერის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, ახალი პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) 2024 წლისთვის სესხების, ტექნიკური დახმარებისა და გრანტების სახით დაახლოებით 483 მილიონი ევროს მობილიზებას გეგმავს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი ინვესტიცია მიმართულია ოთხ მთავარ სექტორზე, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან და ევროპის გუნდის (Team Europe) ინიციატივებთან შესაბამისად: წყლის რესურსების მართვა, ირიგაცია, სოფლის მეურნეობა, ურბანული განვითარება და სატრანსპორტო კავშირები, ენერგეტიკა, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა.

”ეს შეთანხმება არის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის საქართველოსადმი ერთგულების მანიშნებელი ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად. ის გამოხატავს ჩვენს სურვილს, შევქმნათ სანდო და გრძელვადიანი პარტნიორობა ქვეყანაში სამართლიანი და სტაბილური განვითარების მხარდასაჭერად ”, - განაცხადა, AFD-ის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კუპრიმ.

საელჩოს ინფორმაციით, პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თბილისში, პირველი ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გაფორმდა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სესილ კუპრის თავმჯდომარეობით გაიმართა.

კონსულტაციებმა მხარეებს საშუალება მისცა, მიმდინარე თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს ერთად გაცნობოდნენ, სამოქმედო გეგმა და 2021-2023 წლების მომავალი პროექტები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და AFD-ის ძირითადი ტექნიკური პარტნიორების თანდასწრებით დეტალურად განეხილათ.

სესიის გახსნისას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორმა რემი ჟენევიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მომდევნო წლების სტრატეგია და კლიმატის ცვლილებებზე მდგრადი განვითარების რეაგირების მხარდაჭერის ვალდებულება სამართლიანი და ინკლუზიური გადასვლის, ურბანული მდგრადობის, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ენერგეტიკული ზრდისა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელების გზით წარმოადგინა.

ყოველწლიურ კონსულტაციებთან დაკავშირებით, სესილ კუპრიმ შეაჯამა სამდღიანი მისია საქართველოში, სადაც ის შეხვდა AFD ჯგუფის ამჟამინდელ პარტნიორებსა და კოლეგებს, დონორ სააგენტოებს, შესაბამის სამინისტროებსა და საფრანგეთისა და ევროპის დელეგაციების წარმომადგენლებს საქართველოში.

„კოვიდის კრიზისის დროს, საერთაშორისო დონორებმა, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და ევროპის გუნდმა (Team Europe) საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს, მნიშვნელოვანი და სწრაფი დახმარება გაუწიეს მას ენერგეტიკისა და ჯანმრთელობის სფეროში 2020 წელს. ახლა დროა გავაგრძელოთ შენება, რეფორმის კონსოლიდირება და გააქტიურება, ასევე განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში სამართლიანი, დინამიური, მდგრადი განვითარებისათვის. სამწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთი მხრივ საფრანგეთისა და AFD -ს მხრიდან და მეორე მხრივ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, წელიწადში 150 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებით, საფრანგეთი, როგორც გუნდი ევროპა, ადასტურებს ჩვენს სურვილს ვიყოთ ძლიერი პარტნიორები საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ევროპა და საქართველო დაახლოვდნენ, რათა მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდნენ საქართველოში, შეიქმნას დინამიური ბიზნეს გარემო და თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა ყველა სფეროში“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

„ძალიან ვაფასებ საფრანგეთის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ახალი სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ფარგლებში, 2021-დან 2023 წლამდე პერიოდში, საქართველო მიიღებს დაახლოებით 483 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად და შესაბამისი ინვესტიციების დაფინანსების მიზნით. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას და ფრანგ ხალხს თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. ის აფინანსებს, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო თანმიმდევრული და სტაბილური სამყაროსკენ გადასვლას. ჯგუფი, შემდგარია: საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან, რომელიც აფინანსებს საჯარო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს; პროპარკოსგან (Proparco), რომელიც აფინანსებს კერძო სექტორს; და მალე, ექსპერტიზ ფრანსისგან (Expertise France), ტექნიკური მხარდაჭერის დარგში, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო სტაბილური და მდგრადი სამყაროსკენ გადასვლას.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვქმნით საერთო გადაწყვეტილებებს გლობალური სამხრეთის ხალხთან და ხალხისთვის. ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ 4000-ზე მეტ პროექტში - საფრანგეთის საზღვარგარეთ, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, რაც არის კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშეწყობისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Georgia | AFD - Agence Française de Développement