გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირება, მომავალ კვირას გადაწყდება - „ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი 53 ლარს დაუახლოვდეს“

,,ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი 53 ლარს დაუახლოვდეს. მომავალი კვირის შეხვედრაზე გადაწყდება, იქნება თუ არა სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი“-ამის შესახებ, ,,ბიზნსპრესნიუსთან“ საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამით სილაგავა რუსეთში ხორბლის გაიაფების პროცესს გამოეხმაურა.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ სახელმწიფო, ფქვილის მწარმოებელები, მეპურეთა ასოციაცია და მოსახლეობის მოთხოვნა ერთად განაპირობებს იმას, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება კიდევ ერთხელ.

,,მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. თვის ბოლოს, უკვე მთავრდება სუბსიდირების პროგრამის ბოლო ეტაპი და გაგრძელდება თუ არა, ჯერ არ ვიცი. ახლა ბაზარზე არსებული მდგომარეობა შემდეგია, 2 ივნისიდან რეჟიმი არსებითად შეიცვალა და რუსეთში საექსპორტო ბაჟი 50 ევრო ჩანაცვლდა მცურავი ბაჟით, რაც ნაკლებია ძველ გადასახადზე. ანუ, ტენდენცია უკეთესობისკენაა, მაგრამ რამდენად ჰყოფნის ეს იმას, რომ ფქვილის ფასი 53 ლარზე ჩამოვიდეს, რათა პური არ გაძვირდეს, ამას ჩვენ ვერ ვსაზღვრავთ. ამას საზღვრავენ მეპურეები.

მომავალი კვირის შეხვედრაზე გადაწყდება, იქნება თუ არა სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი დაუახლოვდეს 53 ლარს. დღეს ბაზრებზე ფასი ძირითადად 60 ლარია, ზოგან რამდენიმე ლარით მეტი ან ნაკლები. ვთვლი, რომ თუ სუბსიდირება გაგრძელდება, ეს აღარ იქნება იმ მოცულობით, რაც იყო ბოლოს 20 ლარი 1 ტომარაზე. რადგან ფასები დაახლოებულია სამიზნე ფასთან, სუბსიდირება, სავარაუდოდ, მოხდება 5-7 ლარით. როგორც გითხარით, ეს მეპურეებზეცაა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეპურეთა ასოციაცია, სახელმწიფო და საზოგადოების მოთხოვნა ერთად განაპირობებს, გავა პურის ფასი თავისუფალ ბაზარზე, თუ დასუბსიდირდება“,- ამბობს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც. დღეს კი ლარი მყარდება, რუსულ ბაზარზე კი ახალი მოსახლის მოლოდინში, ხორბლის ფასები მცირდება.

თამარ მუკბანიანი