ბინები გაძვირდება და სამშენებლო სექტორში იქნება ისეთივე ოლიგოპოლია, როგორიც საფინანსო სექტორში - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„ბინები გაძვირდება და სამშენებლო სექტორში იქნება ისეთივე ოლიგოპოლია, როგორიც საფინანსო სექტორში“, - ასე შეაფასა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

საუბარია, ცვლილებათა პროექტზე, რომლითაც შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება. კერძოდ, ამ ცვლილებებით დაუშვებელი იქნება მოქალაქეების შეყვანა ისეთ შენობაში/კორპუსში, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს მიერ ექსპლუატაციაში მიღებული. ამასთან, აიკრძალება, ელექტროენერგიისა და გაზის შეყვანა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობა-ნაგებობებში.

ზურა გირჩი ჯაფარიძის შეფასებით, ეს სერიოზული პრობლემაა, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას. მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტს ვიღაცეები ლობირებენ.

„მგონია, ეს მსხვილი სამშენებლო კომპანიების ინტერესებშია, რომ წვრილი კომპანიები გაწიონ ბაზრიდან. ცხადია ფეხებზე კიდიათ ის, რომ ბინები გაძვირდება და ბევრი პრობლემები შეიქმნება მოქალაქეებისთვის. მაგალითად, თუ დღეს მოქალაქეს შეუძლია, წავიდეს ბანკში აიღოს სესხი, იყიდოს მშენებარე ბინა, როგორც კი აშენდება გაარემონტოს და გადავიდეს საცხოვრებლად, ხოლო სახელმწიფომ შენობა ამის შემდეგ ჩაიბაროს, ცვლილებების შედეგად, ამის შესაძლებლობა ადამიანებს აღარ ექნებათ.

ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანი გარისკავს მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვას, იმ გათვლით, რომ ეს ბინა აშენდება 3 წლის შემდეგ და ვიღაც ბიუროკრატმა მერიაში შეიძლება თქვას, რომ კორპუსს არ ჩაიბარებს. გარდა ამისა, მეორე ნაწილია ის, რომ სამშენებლო კომპანიებს ახლა შეუძლიათ პატარა კაპიტალით დაიწყონ მშენებლობა, გზადაგზა გაყიდონ ბინები და შემოსული ფულით დააფინანსონ მშენებლობა. ამ რეგულაციების დამტკიცების შემდეგ კი, მთელი ფულის შოვნას და მშენებლობის დაფინანსებას საკუთარი რესურსით, მხოლოდ მსხვილი კომპანიები მოახერხებენ. პატარა კომპანიები ამას ვერ გააკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი გავლენ ბაზრიდან და სამშენებლო სექტორში იქნება ისეთივე ოლიგოპოლია, როგორიც საფინანსო სექტორში,“-განაცხადა ჯაფარიძემ.

თაია არდოტელი