სომხური კონიაკი ტრადიციული დასახელებით აღარ იარსებებს

სომხური კონიაკის სახელწოდებიდან გეოგრაფიულ დასახელებას ამოიღებენ. სამეზობლო პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირი სომხეთს 3 მლნ ევროს გადაუხდის, რათა სომხური კონიაკის სახელწოდება შეიცვალოს. სააგენტო PanARMENIAN-ის ცნობით, სომხეთის მთავრობამ ხელშეკრულება უკვე დაამტკიცა.

ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს სომხეთის წარმოებას, რომ საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის აუცილებელი პირობაა, რომ სომხური ალკოჰოლური პროდუქციიდან გეოგრაფიული დასახელების ამოღება ეფექტიანად და თანმიმდევრობით მოხდეს. ევროკავშირის პროგრამით, სომხური კონიაკის რეკლამირება და მარკეტინგი, როგორც შიდა, ისე გარე ტრადიციულ ბაზრებზე ახალი სახელწოდებით უნდა მოხდეს.

კონიაკის წარმოებიდან გეოგრაფიული დასახელების ამოსაღებად სომხეთს 25-წლიანი ვადა მიეცა.

Европейская правда-ს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების ფარგლებში, კონიაკისა და შამპანურის პროდუქციიდან გეოგრაფიული სახელწოდება უკრაინამაც უნდა ამოიღოს. შესაბამის კანონს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი.

თუმცა 2020 წლის იანვარში Укрвинпром-მა გაავრცელა განცხადება, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გარდამავალ პერიოდშია, რომელიც 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, ამ ვადის ამოწურვამდე კი Укрвинпром -ს უფლება აქვს, პროდუქციაში „უკრაინის კონიაკისა“ და „უკრაინის შამპანურის“ სახელწოდებები გამოიყენოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ