ჩინურ პორტებში იმპორტირებული სიმინდით დატვირთული გემების რიგებია

წელს ჩინეთი რეკორდულად დიდი რაოდენობის სიმინდს ყიდულობს, რის გამოც პორტები სატვირთო გემებით არის გადაჭედილი და თავიანთ რიგს თვეობით ელოდებიან. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

71 400 ტონა სიმინდით დატვირთული ამერიკული გემი Priscilla გუანდუნის პროვინციის ჩჟანციანის პორტში შესვლას 11 მაისიდან ელოდებოდა, რაც გემმა მხოლოდ გუშინ მოახერხა. მეორე გემი, სახელწოდებით Krini, რომელსაც 75 100 ტონა სიმინდი გადააქვს, იმავე პროვინციის ხუანპუს პორტთან 16 მაისიდან იცდიდა.

მარცვლეულის შესყიდვის მკვეთრად ზრდის მიზეზი ისაა, რომ ღორის ე.წ. აფრიკული ჭირის გავრცელების შემდეგ, ჩინეთი მეღორეობის აღდგენას აქტიურად ეწევა. პირველ 4 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში სიმინდის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა. ასევე, გაიზარდა სორგოს იმპორტი, რაც აპრილში, შარშანდელთან შედარებით, 5-ჯერ მეტი იყო. მკვეთრად გაიაზარდა ქერის გადმოზიდვაც.

საპორტო შეფერხებებმა შესაძლოა, ნედლეულის გაძვირება გამოიწვიოს, რის გაკონტროლებასაც ჩინეთის მთავრობა ცდილობს. რეფორმებისა და განვითარების ნაციონალური კომისია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ დაგეგმარებას ეწევა, მომარაგების გრძელი რიგის მოწესრიგებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს, რადგან საქმე ფასების სტაბილიზაციას ეხება. კომისიამ რეგიონალურ ხელისუფლებებს მოუწოდა, სიმინდიდან დაწყებული, ღორის ხორცითა და ბოსტნეულით დამთავრებული, ყველაფრის მომარაგებას ხელი შეუწყონ. მყიდველები აცხადებენ, რომ აშშ-დან სიმინდი ჯერ კიდევ თებერვალში ჩავიდა ცზიანსუს აღმოსავლეთ პროვინციის პორტ ნანტუნში, მაგრამ გადმოტვირთვას თვეზე მეტი ელოდა.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე მარკეტინგულ წელს ჩინეთი რეკორდულ 26 მლნ ტონა სიმინდის იმპორტს აპირებს და მომავალ წელსაც ამავე რაოდენობის იმპორტს გეგმავს. ჩინეთი, ასევე, სოიოს უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში, რომლის მყიდველებიც, ძირითადად, ქვეყნის პორტებში არსებული გადამამუშავებელი საწარმოებია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, 2021-22 წლის მომავალ სეზონზე ჩინეთში სიმინდის იმპორტი 24 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც მას წამყვანი იმპორტიორი ქვეყნის სტატუსს შეუნარჩუნებს, ხოლო მიმდინარე 2020-21 წლის მოახლოებულ სეზონზე სიმინდის იმპორტი ჩინეთში 4-ჯერ, 22 მლნ ტონამდე გაიზრდება. FAO მოელის, რომ ჩინეთში მეღორეობის აღდგენა გლობალურ ვაჭრობას შეამცირებს, რაც საქონლისა და ფრინველის ხორცის მიწოდების ზრდით კომპენსირდება, ეს კი მიმდინარე წელს ხორცის გლობალურ ვაჭრობას სტაბილურობას შეუნარჩუნებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ