„ერთი წლის გასვლის შემდეგ, შეიძლება, ვერ მიიღო პასუხი, რაც ავტომატურად ნიშნავს უარს“- რა გამოწვევების წინაშეა სამშენებლო სექტორი

„განსაკუთრებით საყურადღებოა ექსპლუატაციაში მიღების წესების ნაწილი, რომელიც გულისხმობს რეაგირების ვადებს და პირობებს. სწორედ ეს საკითხი დაგვრჩა, რომელშიც ჩვენი პრინციპული პოზიცია არ დაემთხვა ინიციატორების პოზიციას“,- ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შავლეგ მიშველაძემ რადიო „პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. საუბარია, საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს.

ამავე ცვლილების მიხედვით, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგება აიკრძალება. კანონპროექტს პარლამენტი დღეს იხილავს.

„ვფიქრობ, არ არის სადაო, რომ ნებისმიერი ტიპის ახალი რეგულაცია შეიცავს გარკვეული ტიპის რისკებს. თუმცა, თუ კონკრეტულად ჩავუღრმავდებით, პირველ ეტაპზე კითხვები რაც დავსვით და პასუხები მივიღეთ, საკმაოდ მომცველი გახდა. საუბარია, არა ერთ ან ორ, არამედ ათასობით ობიექტზე. მინიმუმ არის 6000 ობიექტი, ბოლო გათვლით კი, ორი ამდენი, ანუ 12000 ობიექტი, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს აღნიშული ცვლილებები. განსაკუთრებით საყურადღებოა ექსპლუატაციაში მიღების წესების ნაწილი, რომელიც გულისხმობს რეაგირების ვადებს და პირობებს. სწორედ ეს საკითხი დაგვრჩა, რომელშიც ჩვენი პრინციპული პოზიცია არ დაემთხვა ინიციატორების პოზიციას. ჩვენ ფორმულირებით, ვადა რომელიც იყო განსაზღვრული ექსპლუატაციაში მიღების ან უარის მიღებისთვის, უარის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ახსნილი, დასაბუთებული, არსებული რედაქციით ეს ჟღერს შემდეგნაირად: გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ვადა ხანგრძლივდება, რაც ჩვენი ინიციატივა იყო და მადლობა ამისთვის, თუმცა, მეორედ გახანგრძლივებული ვადის შემთხვევაში უპასუხოდ დარჩენა ნიშნავს ექსპლუატაციაზე უარის თქმას. სწორედ აქ გვქონდა პრინციპული და დასაბუთებული მოსაზრება, როდესაც ვეუბნებოდით ინიციატორებს, რომ უპასუხობა პირიქით უნდა ჩათვლილიყო თანხმობად იმ დათქმით, რომ კონკრეტული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თხოვნა არ ეწინააღმდეგებოდა არც კერძო, არც საჯარო ინტერესს და რაც მთავარია, არ უნდა ყოფილიყო დარღვეული კონკრეტული ობიექტის უსაფრთხოების ნორმები. იმ ფორმულირებით, რაც საბოლოო ჯამში ჩაიდო რედაქციაში, გამოდის, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების კონკრეტული მსურველი მიმართავს ზედამხედველობის სამსახურს, გადის 6 თვე, უდიდესი ალბათობით, კიდევ 6 თვე დაემატება ამ ვადას და ერთი წლის გასვლის შემდეგ, შეიძლება ვერ მიიღო პასუხი, რაც ავტომატურად ნიშნავს უარს“,- განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობა და მათთვის კომუნალურების მიწოდება არის მეორე საკითხი, რომელზეც ბიზნესასოციაციას დღემდე არ აქვს სრული ინფორმაცია.

„მოსახლეობა და მათთვის კომუნალურების მიწოდება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ასევე არ გვაქვს სრული ინფორმაცია დღემდე. იმ ფონზე, როდესაც დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. არსებული რედაქციით, ეს საკითხი ბოლომდე არ არის ახსნილი და ვფიქრობთ, რომ სემეკის ჩართულობას არ აქვს ალტერნატივა. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ბინათმესაკუთრეს უნდა ჰქონდეს ბინის რემონტის შესაძლებობა და ამას სჭირდება კომუნალურებით სარგებლობა, თუმცა, იმ ეტაპამდე, სანამ შენობა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, ეს საკითხი არის მშენებლის კისერზე. მეორეს მხრივ, თუკი შენობა ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, არსებული რედაქციით, მოსახლეს არ ექნება საკუთარი ბინის გარემონტების შესაძლებლობა. ამას აქვს თავის ახსნა იმ ნაწილში, რომ მშენებლობა უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, ყველა რისკი შეფასებული და შენობა უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული. თუმცა ხაზს ვუსვამ, ბინის მესაკუთრეს სჭირდება მხარდაჭერა საკუთარი უფლებების გატარების კუთხით, რაც მას განსაზღვრული აქვს სემეკის სხვადასხვა რეგულაციებით“,- განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

ნინი ქეთელაური