ფინანსთა მინისტრი - პანდემიის გავლენა 2020-2021 წლების ბიუჯეტზე 7.2 მილიარდი ლარია

პანდემიის გავლენა 2020-2021 წლების ბიუჯეტზე - 7.2 მილიარდი ლარია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, თუ რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები.

„მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო სწორი და ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედება, რაც მოხერხდა სოციალური პროგრამების შემუშავებით.

„გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა 0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.