უცხოელი მარკეტოლოგები: Facebook-სა და Twitter-ზე რეკლამა მომგებიანი არ არის

მარკეტოლოგები სოციალურ ქსელებში - Facebook-სა და Twitter-ზე სარეკლამო კამპანიის შედეგებით იმედგაცრუებული არიან.

მიუხედავად ტოპ ბრენდების ყველანაირი მცდელობისა - საკუთარ აუდიტორიასთან კონტაქტი სოციალური ქსელების მეშვეობით დაემყარებინათ, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სარეკლამო მომსახურების ან პროდუქციის შესახებ მომხმარებლამდე სათანადოდ ვერ აღწევს. კვლევითი კომპანია Forrester-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ანალიტიკოსის ნეით ელიოტის თქმით, რეკლამის დამკვეთთათვის აუდიტორიასთან ურთიერთობის ისეთი დონის უზრუნველყოფას, რომლის იმედიც მათ ჰქონდათ, ვერც "ფეისბუქი" და ვერც "ტვიტერი" ახერხებენ.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში ბრენდების ხელმომწერთა მხოლოდ ორმა პროცენტმა ნახა "ფეისბუქის" მეშვეობით ბრენდის გზავნილი. რაც შეეხება მომხმარებლებისა და ბრენდების პოსტებს შორის ურთიერთქმედებას "ფეისბუქზე", მათი მაჩვენებელი 0,073 პროცენტს შეადგენს, "ტვიტერზე" კი კიდევ უფრო ნაკლებს - 0,035 პროცენტს.

ნეით ელიოტის თქმით, ამ მონაცემების მიუხედავად, ბრენდები მაინც არ აპირებენ სოციალური აქტივობის შემცირებას ამ ქსელების მეშვეობით თუნდაც იმის ფონზე, რომ ეს თანხების, დროისა და ადამიანური რესურსების ფუჭი ხარჯვაა.

Forrester-ში დარწმუნებული არიან, რომ ბრენდებისთვის უმჯობესი იქნება უარი თქვან სოციალურ ქსელში რეკლამირებაზე და საკუთარი რესურსები ინტერნეტ რეკლამისკენ, ან საკუთარი საიტის შექმნისკენ მიმართონ. მაგალითისთვის კი ცნობილი იაპონური კომპანია "სონი" მოჰყავთ. ცოტა ხნის წინ "სონიმ" საკუთარი პროექტის საიტი ჩაუშვა, რომელიც სპეციალურად მათთვის შექმნა, ვისაც PlayStation4-ის თამაშები იტაცებს. შედეგად Sony-ს ახალ საიტზე 75 ათასი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, ვიზიტების საშუალო რაოდენობა კი დღის განმავლობაში 4,5 მილიონს აღწევს. თუმცა, ამავდროულად Forrester-ის წარმომადგენლები არ მოუწოდებენ ბრენდებს, საერთოდ თქვან უარი სოციალურ ქსელებში პროდუქციის რეკლამირებაზე.