სოზარ სუბარი - სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი თბილისში, წლების განმავლობაში დაგროვებულ სამშენებლო პრობლემების მოგვარებას შეეხება

,,თბილისში არსებობს ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა - 12 ათასი ობიექტი, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ამ 12 ათას ობიექტში ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, იქ ცხოვრობენ თაობები, იბადებიან, იზრდებიან, თუმცა, მათ უძრავ ქონებას ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ შენობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, უაზრობაა ასეთ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები და მომავალშიც გამორიცხავს მსგავსი სამშენებლო პრობლემის დაგროვებას, რადგან კანონის მიღების შემდეგ ექსპლუატაციის საკითხი კანონის მკაცრ ჩარჩოში მოექცევა.

“თბილისში, ასეთი 12 ათასი ობიექტია, აქედან 6 700 არის საცხოვრებელი, დანარჩენი კომერციული ფართია. წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემის მოგვარებას შეეხება ეს საკითხი და აქ უაზროა პოლიტიკური სპეკულაციები, იმიტომ, რომ საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე. დაგროვდება თუ არა მომავალში მსგავსი პრობლემები? არ დაგროვდება, რადგან პრევენცია უკვე ჩადებულია სწორედ იმ კანონში, რომელსაც დღეს ვიღებთ. ეს კანონი განსაზღვრავს, რომ ვიდრე შენობა ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული, იქ ვერ შევა კომუნიკაციები, შესაბამისად, მოქალაქეები იქ ვერ იცხოვრებენ. ეს არის გამორიცხული, მაგრამ, დღეს უნდა დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.