ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში

აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, აპრილში 44.8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომელიც შეეხო ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი. ასევე, აღსანიშნავია ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად კვლავაც პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში. აპრილში ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის დონეს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.