"ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს"

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი, ასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს შავი ზღვის საპორტო არეალში მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, მიმდინარეობს განვითარება და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ახალი, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი, რომელიც ყველაფერთან ერთად ასაქმებს ასზე მეტ ადამიანს და მომავალში დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს. ეს არის სრულიად უსაფრთხო ობიექტი, რომელიც აშენებულია ულტრათანამედროვე, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად, ამით ინვესტორებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვას, თუ რაიმე არსებობდა საზოგადოებაში ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა ინდუსტრიული ობიექტი განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი უნდა იყოს.

„პროექტთან მიმართებაში იყო გარკვეული შეკითხვები, იყო პროტესტიც მოსახლეობაში და ეს ბუნებრივია, რადგან ბათუმი ვითარდება როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი წერტილი და მიზიდულობის ცენტრი, აქედან გამომდინარე, ყველა ინდუსტრიული ობიექტი აქ უნდა იყოს განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი.

ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული, ტერმინალში ძირითადად დამონტაჟებულია „სიმენსის“ აპარატურა, ასევე დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ფილტრები, მათ შორის ჰაერში გაფრქვევისა თუ მტვრის შემაკავებელი ფილტრები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ტერმინალი, რომელიც ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, რადგან, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და კვების პროდუქტების წარმოება. მისი შეფასებით, ეს იქნება მზარდი, საინტერესო, მომგებიანი, პერსპექტიული ბიზნესი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ საქართველო მართლაც არის საუკეთესო, ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, რომელზეც გადის აბრეშუმის გზა და რაც შეიძლება მეტი, ახალი, მსგავსი ლოგისტიკური პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ტერმინალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი, კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის ინვესტორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.