"თანხები ეფექტურად არ იყო დახარჯული, მათი ნაწილი წინასაარჩევნო მიზნებს მოხმარდა, ნაცვლად იმისა, რომ დროულად მომხდარიყო ინვესტირება და შექმნილიყო ვაქცინების საჭირო მარაგი"

ჩვენი შეფასება არის კრიტიკული, ეს მნიშვნელოვანი თანხები, რომელიც დაიხარჯა, ეფექტურად არ იყო გახარჯული, უმეტესად იყო წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისათვის და არა რეალური საჭიროებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალური საჭიროება ვაქცინების მარაგის დროული შექმნა და ვაქცინაციის პროცესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა იყო, რასაც აღნიშნული თანხები არ მოხმარდა.

,,ჩვენ დიდი ხანია ვიმეორებთ, რომ თანხები ეფექტურად არ იყო დახარჯული. რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ამ თანხების ნაწილი წინასაარჩევნო მიზნებს მოხმარდა, ნაცვლად იმისა, რომ დროულად მომხდარიყო ინვესტირება, შექმნილიყო ვაქცინების საჭირო მარაგი და არ გვქონდეს ის კატასტროფული ვითარება, როგორიც დღეს გვაქვს ვაქცინაციის ტემპთან დაკავშირებით.

ინფრასტრუქტურა დროულად უნდა შექმნილიყო, რომ შესაძლებელი იყოს დღიურად 20-30 000 ვაქცინის გაკეთება. ეს თანხები, რომელიც ახლა ფიგურირებს, ბევრად უკეთესად და ეფექტურად შეიძლებოდა დახარჯულიყო. ვაქცინაცია აუცილებელია ეკონომიკის გახსნისათვის და ტურისტული ნაკადის ზრდისათვის. ჩვენი შეფასება არის კრიტიკული, ეს მნიშვნელოვანი თანხები, რომელიც დაიხარჯა ეფექტურად არ იყო გახარჯული, უმეტესად იყო წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისათვის და არა რეალური საჭიროებიდან გამომდინარე. რეალური საჭიროება იყო ვაქცინების მარაგის დროული შექმნა და ვაქცინაციის პროცესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.