Forrester Research: ამერიკაში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები გაიზრდება

უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ამერიკაში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები გაორმაგდება.

კომპანია Forrester Research-ის მიერ ჩატარებული ახალი მონაცემებით, 2019 წლისთვის აშშ-ის ონლაინ რეკლამაზე დანახარჯები 37,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მიმდინარე წლის დანახარჯებზე ორჯერ მეტია.

Forrester Research-ში ასევე აცხადებენ, რომ მანამდე ე.წ. ოფლაინ რეკლამა ყოველწლიურად ჯამში 1 პროცენტით გაიზრდება და მათზე დანახარჯები 2019 წლისთვის 239 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამერიკული კომპანიის პროგნოზით, ინტერნეტ რეკლამაში დანახარჯების დიდი წილი ონლაინ ვიდეორეკლამაზე მოვა. 2019 წლამდე ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები წლიურად 21 პროცენტით გაიზრდება, 2019 წლისთვის კი ინტერნეტ რეკლამის ბაზრის 54 პროცენტს დაიკავებს.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ამერიკაში ინტერნეტ რეკლამა ქვეყნის სარეკლამო ბაზარის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია.

Forrester Research-ის ახალი კვლევა სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებთან ინტერვიუებსა და საჯარო ფინანსურ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.