ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ

ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდდება ეპიდსიტუაცია და მისი ყველა პარამეტრი, მათ შორის ინციდენტობისა და ახალ შემთხვევათა მაჩვენებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. ეპიდსიტუცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აცრა სწორედ აჭარაშია ჩატარებული და ამ დროისთვის 19 000 აცრაა გაკეთებული. თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის მიზანია, რომ ჯამში 1700 000 ადამიანის აცრა მოხდეს, აქედან აჭარაში 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

„აცრილია თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აჭარაში, 19 ათასი აცრაა გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულებაა, შეფასდეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენს სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად ეპიდსიტუაცია და მეორე მთავარი საკითხი არის, აცრების ინტენსიფიცირება, რამეთუ პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის 1 700 000 ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია, დაახლოებით, 350 ათასი აცრის ჩატარება. დღეს 4 სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავით, საკმაოდ კარგად არის იმუნიზაციის პროცესი ორგანიზებული ყველა ამ დაწესებულებაში. თითქმის არც ერთი სერიოზული გართულების შემთხვევა არ ყოფილა, ამავე დროს, ყველა დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისად, რომ სწრაფი პასუხი იყოს თუ სერიოზული გართულება იქნება. აჭარაში დღეს ადმინისტრირდება 3 ვაქცინა - "სინოფარმი", "სინოვაკი" და "ასტრაზენეკა". ივლისიდან გვჭირდება ჩვენი ძალებისა და რესურსების გაოთხმაგება, რომ გავიდეთ საბოლოო სამიზნე მაჩვენებელზე. ბათუმში უნდა შეიქმნას ერთი ან ორი დიდი ამცრელი სივრცე, ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა და მათ შორის, აჭარაში უნდა ტარდებოდეს ყოველდღიურად 2000-დან 3000-მდე აცრა. ამის ყველა შესაძლებლობა აჭარის სამედიცინო ქსელს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი შესრულდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.