"ივლისიდან საქართველოში 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა შემოვა"

ქვეყანაში ივლისიდან არსებობს უკვე გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და გარანტირებული კონტრაქტები, რომ 4 თვის განმავლობაში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეცნიერთა უმრავლესობა მესამე დოზის გაკეთებას ემხრობა, რადგან ის იმუნიტეტს გაახანგრძლივებს.

„დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა გახდეს საჭირო. ამაზე მიდის ახლა დაკვირვებები, რომ ორჯერადად აცრილი ადამიანის იმუნიტეტი რა ხანგრძლივობით რჩება. მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ შესაძლებელია მესამე დოზით აცრა საჭირო გახდეს, რომ უფრო გახანგრძლივდეს იმუნიტეტი. ეს საქართველოს შემთხვევაში გათვალისწინებულია, რადგან პერმანენტულად ქვეყანა უკვეთავს ვაქცინებს და ვაქცინების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

ბოლო კვლევებით საქართველოს მოსახლეობის 49% გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას, დაახლოებით, 20% მერყეობს და დანარჩენი ამბობს, რომ არ აიცრება. ჩვენთვის მთავარია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, რომ ადვილად აიცრან, იმ 20%-ზე მედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანიებით ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ, რომ აცრაზე უკეთესი არაფერი არ მოუგონია კაცობრიობას,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და არ აიცრება, შესაძლოა ველოდოთ ვირუსის მეოთხე ტალღას.

„მეოთხე ტალღა შესაძლებელია იყოს თუ ჩვენ არ დავიცავთ რეგულაციებს და არ ავიცრებით, მგრამ თუ დავიცავთ რეგულაციებს და ავიცრებით, მაშინ მეოთხე ტალღა, დიდი ალბათობით, შეიძლება არ იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.