Tesla-მ ყველაზე სწრაფი და ძვირიანი Model S წარმოადგინა

ამერიკულმა კომპანიამ Tesla ფრიმონტის ქარხნის ტერიტორიაზე ოფიციალურად წარადგინა მის სამოდელო გამაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი Model S Plaid-ი. ავტომობილის პრეზენტაციას ილონ მასკი უძღვებოდა და მისი ტრანსლირება კომპანიის საიტზე მოხდა.

როგორც ბიზნესმენმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ მოდელზე კრიტიკოსები გადამეტებულ აქცენტს აკეთებდნენ მის სიჩქარეზე და მას არასაჭიროდ მიიჩნევდნენ, თუმცა, მასკის თქმით, სიახლეს მნიშვნელოვანი როლი უკავია „ენერგეტიკის მდგრადი მომავლის კუთხითაც“.

„ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, რომ ელექტრომობილები უპირობოდ საუკეთესო ავტომობილებია,“ - თქვა მასკმა.

Tesla-ში აცხადებენ, რომ Model S Plaid-ი არის ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილი.

„ის ნებისმიერ სპორტქარზე სწრაფია, ნებისმიერ Porsche-ზე სწრაფი და ნებისმიერ Volvo-ზე უსაფრთხო,“-აცხადებს მასკი, რომლის თქმითაც, ავტომობილს ადგილიდან 60 მილამდე აჩქარება 2 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია. მას ერთჯერადი დამუხტვით 620 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია. რაც შეეხება ფასს, ის 130 ათასი დოლარიდან იწყება.

მასკის თქმით, პირველ მყიდველებს 25 ავტომობილს უკვე მიაწვდიან. მომდევნო კვირებში კი, დამატებით ასეულობით მოდელის მიწოდება მოხდება.

კოკა კვირკველია