მსხვილი კომპანიები საქართველოში, რომლებიც ოფშორშია რეგისტრირებული - რა მოცულობის ინვესტიცია შემოდის ოფშორებიდან საქართველოში

2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია. ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში 3 200-მდე ისეთი კომპანიაა, რომლის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული იურიდიული პირია, შესაბამისად, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.

აქედან გამომდინარე, დეტალურად შევისწავლეთ მხოლოდ მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები. ინფორმაციის ძირითადი წყარო სამეწარმეო რეესტრი და ანგარიშგების პორტალია. მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიებს 160-მდე ოფშორული კომპანია მიეკუთვნება და აქედან, ანგარიშში 22-ზეა ყურადღება გამახვილებული, მათი საქმიანობის სფეროს, სიდიდის, საჯარო ინტერესისა და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. განსაკუთრებით საინტერესოა ის კომპანიები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. თუმცა, რამდენიმე ისეთი კომპანიაც მიმოვიხილეთ, სადაც საბოლოო ბენეფიციარი ცნობილია.

შპს „თბილისი ენერჯი“

2019 წლის ივლისამდე შპს „თბილისი ენერჯის“ იურიდიული სახელწოდება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იყო. 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ვოლთბეიმ“ შეისყიდა, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 2018 წელს კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარია იყო. 2019 წელს „ვოლთბეიში“ 50%-იანი წილი Weco investment and finance S.A.-მ შეისყიდა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. Weco investment and finance S.A.-ს 100%-ის მფლობელი HARRIMAN HOLDINGS LTD-ია, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვია. Weco investment and finance S.A.-მა 2019-2021 წლებში „კავკასუს ონლაინის“ 100% შეიძინა. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გარიგება სამართალდარღვევად სცნო და „კავკასუს ონლაინს“ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა. როგორც „თბილისი ენერჯის“, ასევე „კავკასუს ონლაინის“ მფლობელი, ერთი და იგივე პიროვნება ნასიბ ჰასანოვია.

შპს „ვიონი საქართველო“

„ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელის - შპს„ვიონი საქართველოს“ წილებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სამი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 51%-ს, „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს და შპს „მირენინვესტ“ - 20%-ს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკოლოზ ჭიაურელი, მუჰთერემ კაანთერზიოღლუ (თურქეთი) და სერხი ერრერონოგუერა (ესპანეთი) არიან, ხოლო დირექტორი ანდჟეი ედვარდ მალინოვსკია (პოლონეთი).

„ვიონი საქართველო“ 2003 წელს დაარსდა. შპს„ფრაის უოთერ ჰაუს კუპერსის“ მიერ მომზადებული 2019 ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო კონტროლს შპს „ვიონი“ ახორციელებს, რომელიც ჰოლანდიაში არის რეგისტრირებული. „ვიონის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი აქციონერი.

შპს „აიდიეს ბორჯომი“

მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალია, რომელიც ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. სათავო კომპანიის 60%-ს (2019 წლის მდგომარეობით) „სი თი ეფ ჰოლდიგს ეს. ეი“ ფლობს, რომელიც ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 95%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ფლობს, 5%-ს კიგერმანიის მოქალაქე ორსტ კოსტა ჯიჩა. კომპანიის დირექტორი მამია ბერიძეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 100% „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ეკუთვნოდა, რომლის საბოლოო მფლობელი შმაგი ქემერტელიძე იყო. უცნობია 2018 წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა ოფშრული კომპანიის მფლობელი.

„ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ორი შვილობილი კომპანიის მფლობელია: შპს „ყვირილა-2007“ და შპს„ჯორჯიან ფეროელოის“. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზაციაა.

შპს „რუსთავის ფოლადი“

შპს „რუსთავის ფოლადის“ 100% წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს Tolanius Beheer B.V.-ია, დირექტორი კი ნუგზარ კაჩუხაშვილია. კომპანიის საბოლოო მფლობელი Park Street Capital L.P-ია, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„რუსთავის ფოლადი“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელია, რომელიც წელიწადში 1 მლნ ტონაზე მეტ ფოლადს აწარმოებს. რუსთავის ქარხანა 1948 წელს არის დაარსებული. 1999-2006 წლებში იგი ფაქტობრივად გაჩერებული იყო. 2006 წელს ქარხნის აქციების სრული პაკეტი ინგლისურ-ქართულმა კომპანიამ, Energy and Industry LLC-მ შეიძინა. „რუსთავის ფოლადი“ ქარხნის მფლობელი 2011 წლიდან გახდა.

შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“

შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ 50%-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია ფლობს, 16.7%-ს - „ველ თრეიდინგ FZE” (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 16.65-16.65%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები - „Ornon International S.A“ და „Semiston Group Inc“ ფლობენ. ვირჯინიისკუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ძირითად საქმიანობას ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანიის კლიენტები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიები და მსხვილი გაზის მომხმარებლები, მათ შორის თბოსადგურები არიან.

შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“

შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Comodon Holding“ ფლობს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბენეფიციარები გიორგი რამიშვილი (61.9%), ალექსი თოფურია (28.6%) და დევიდ ფრანც ბორგერი (9.5%) არიან.

„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ 4 შვილობილ კომპანიას ფლობს: შპს „სილქ ენერჯი ჰოლდინგს“, შპს „ესარჯი რიალ ისთეითს“, შპს „სილქ როუდ ენერჯის“ და შპს „სილქნეტ ჰოლდინგს“.

შპს „სუფთა სახლი“

შპს „სუფთა სახლის“ 5%-იან წილს თამარ ღვინიაშვილი ფლობს, ხოლო 95%-ს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „GRG Trading“, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „სუფთა სახლის“ დირექტორი ირაკლი ღვინიაშვილია. კომპანიის საქმიანობის სფეროს მაღაზიათა ქსელის მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მიწოდება წარმოადგენს.

შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროები“

შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 80%-ს სენტ-კიტსსა და ნევისში რეგისტრირებული კომპანია „ოტელთ ბილისი ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, 20%-ს კი - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ჯი ემ თიუძრავი ქონება“. „ჯი ემ თი უძრავი ქონების“ 100%-ს„თბილისი რიალ ისთეით ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, რომელიც ასევე სენტ-კიტსსა და ნევისში არის რეგისტრირებული. საბოლოო ჯამში, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 100%-ის მესაკუთრე კომპანიები სენტ-კიტსსა და ნევისში არიან რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია, დირექტორი კი გიორგი თავაძეა.

„ჯი-ემ-თი სასტუმროები“ 1996 წელს დაარსდა როგორც სააქციო საზოგადოება „სასტუმრო თბილისი”. „ჯი-ემ-თი სასტუმროები” მას 2004 წლიდან ჰქვია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სასტუმროებისა და ბიზნეს ცენტრების ფლობაა. კომპანია ასევე ჩართულია სასტუმროების მართვაში და ბიზნეს ცენტრების მომსახურებაში. ამჟამად კომპანია ფლობს Tbilisi Marriott Hotel-ს, Tbilisi Courtyard by Marriott Hotel-ს, Moxy Tbilisi Hotel-ს და GMT Plaza-ს.

შპს „სანშაინ“

შპს „სანშაინის“ 90%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „GANNADO WORLDWIDE S.A“ ფლობს, ხოლო 10%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული „Solna Leisure Holdings Limited“. კომპანიის დირექტორი ნინო ბაქრაძეა. შპს „სანშაინ“ 2000 წელს დაფუძნდა და 2016 წლის თებერვლამდე შპს „კაზინო აჭარას“ სახელით ფუნქციონირებდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზარტული თამაშების ბიზნესია. ვირჯინიის კუნძულებზე და კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“

შპს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ 50%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „აკერტ გრუპეს.ეი“ ფლობს, 25%-ს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჯორჯია“. თუმცა, „ფრენფილდ ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჰოლდინგს“ არის. აღნიშნული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ჯორჯიან პეტროლიუმის“ დირექტორი ნოდარ კვირიკაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ირაკლი იაშვილი, გიორგი ჯაფარიძე და როვშან მამმადოვი (აზერბაიჯანი) არიან.

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ აეროპორტების ტერიტორიაზე ავიაკომპანიების კუთვნილი საჰაერო ხომალდებისთვის საავიაციო საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს. იგი საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის რეალიზაციას სამ აეროპორტში ახდენს: ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. კომპანიის ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანიები: Maddox DMCC-ი და Socar-ი.

შპს „ჯეოსთილი“

შპს „ჯეოსთილის“ 90%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Georgian Steel Group Holdings Limited“-ია, 10%-ს კი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია შპს„JSW Steel B.V“ ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ინდოეთის მოქალაქე ბალა კრიშნან საჯივია. ვირჯინიის კუნძულებზე და ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„ჯეოსთილის“ძირითად საქმიანობას სამშენებლო არმატურის წარმოება წარმოადგენს. მისი ოფისი და საწარმოო ქარხანა ქალაქ რუსთავშია განთავსებული.

შპს „სერვის ნეტ გრუპი“

შპს „სერვის ნეტ გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „იუპიტერ ფინანს ლიმიტედი“, ხოლო დირექტორი ლევან ურუშაძეა. „იუპიტერ ფინანსლიმიტედის“ საბოლოო მფლობელი ასევე მალტაზე 2012 წელს რეგისტრირებული კომპანია „არტიოთრუსთის ლიმიტედ“ არის, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„სერვის ნეტ გრუპის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის ხაზობრივი ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა, საჰაერო და მიწისქვეშა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის, ასევე, შიდა ქსელის (ინტერნეტი, ელექტროენერგია, გაზი და წყლის გაყვანილობა) მოწყობა. კომპანია საქმიანობას აწარმოებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

შპს „მარსი“

შპს „მარსის“ 51%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს ფლობს, 24%-ს ლევან ახვლედიანი, 10%-ს რუსეთის მოქალაქე კნიაზ დასენი (პარლამენტის წევრის ისკოდასენის შვილი), 5-5%-ს ვანო გიგლემიანი, კობა გიგლემიანი და გიორგი ჩხაიძე. 2019 წლის ივლისამდე Bwin Holdings (Malta) Limited“-ს Kaiane Services (Malta) Limited-ს ერქვა. Kaiane Services (Malta) Limited შპს „მარსის“ 51%-იანი წილის მფლობელი 2019 წლის მაისში გახდა. Bwin Holdings (Malta) Limited-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მულტიბრენდული ინტერნეტ პლატფორმის www.crystalbet.com-ის საქმიანობის წარმართვაა, რომელიც ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს და სხვა ონლაინთამაშებს მოიცავს.

შპს „გდგ“

შპს „გდგ“-ის 85%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია Mandalor LTD ფლობს, 10%-ს - ვლადიმერ დარჩიაშვილი, ხოლო 5%-ს - მაია ბიწკინაშვილი. კომპანიის დირექტორი ლევან ლანდიაა. Mandalor LTD-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. შპს„გდგ“-ის ძირითად საქმიანობას ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა წარმოადგენს.

შპს „რითეილ ჯგუფი“

შპს „რითეილ ჯგუფის“ 26.7%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“ ფლობს, 30%-ს - საქართველოში რეგისტრირებული შპს „ქისთოუნ ინვესთმენთს“, 20%-ს - შპს „ჯიბისი ინვესტი“, 13.3%-ს - შპს „მეიდანზე“, ხოლო 10%-ს - შპს„რითეილ ინვესთმენთს“. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „რითეილჯგუფის“ დირექტორი ცეზარ ჩოჩელის ძმა - ლაშა ჩოჩელია. ცეზარ ჩოჩელი 2020 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი მეორედ გახდა. პირველად პარლმენტის წევრი 2004-2008 წლებში იყო. „რითეილჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ საცალო მაღაზიებით ვაჭრობაა. კომპანიას 260 მაღაზია აქვს.

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“ ფლობს, 30%-ს - რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს ლევან ქორქაშვილი. „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წლის ნოემბერში დაარსდა და მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ იუდინია. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობას სამორინე და სათამაშო ბიზნესი წარმოადგენს, დამატებითი საქმიანობა კი სარესტორნო მომსახურება და ვალუტის გაცვლაა. მას ეკუთვნის გასართობი ცენტრი ECLIPSE, რომელიც ბათუმში მდებარეობს.

შპს „გუდაური სქი რესორტ“

შპს „გუდაური სქი რესორტის“ 100%-ს მავრიკზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ჯორჯიან ინვესტმენტს ლიმიტედი“ ფლობს, დირექტორი კი ირაკლი მინაშვილია. მავრიკზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„გუდაური სქი რესორტის“ საქმიანობის ძირითად სფეროს სასტუმროს მომსახურების გაწევა წარმოადგენს. მის საკუთრებაშია გუდაურში მდებარე ორი სასტუმრო: სასტუმრო „გუდაური მარკო პოლო“ და სასტუმრო „ალპინა“. ეს კომპანია „გუდაური მარკოპოლოს“ 2009 წლიდან ფლობს, ხოლო „ალპინას“ - 2014 წლიდან. „გუდაური სქი რესორტი“ ასევე ახორციელებს საინვესტიციო პროექტს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეხილსანერგე მეურნეობაში. კომპანიას ქალაქ თბილისის მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა და საინვესტიციო ვალდებულებად 5 მლნ აშშ დოლარი განისაზღვრა. საინვესტიციო ტერიტორიაზე კომპანიამ საფეხბურთო ბაზა და სანერგე მეურნეობა მოაწყო. ასევე, აშენებს საცხოვრებელ სახლებს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.

შპს „ალმა“

შპს „ალმას“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Meridian Malta“ ფლობს, დირექტორი კი გიორგი ტრაპაიძეა. „Meridian Malta“-ს საბოლოო ბენეფიციარები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ ფხაკაძე (50% წილი) არიან.

„ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ დაუძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც.

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100%-ს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ICTSI Georgia Corp“ ფლობს, დირექტორი კი ნიკოლოზ გოგოლია. „ICTSI Georgia Corp“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ ბათუმში საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს ფლობს.

შპს „რუსთავის ავტობაზრობა“

შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ 100%-ს ბელიზში რეგისტრირებული კომპანია შპს „მიკადო ინვესტმენტს“ ფლობს, დირექტორი კი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია. „მიკადო ინვესტმენტსის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„რუსთავის ავტობაზრობის“ ძირითადი საქმიანობაა სარეალიზაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილის მიწოდება, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა–ნაგებობების ქვეიჯარით გაცემა, სასურსათო საქონლის რეალიზაცია და სხვ.

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ 51%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 49%-ს - შპს „აგრიკომი“. კომპანიის დირექტორები ქეთევან კუბლაშვილი და რუსეთის მოქალაქე აბას მამედოვი არიან. „აგრიკომის“ მფლობელი კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ ძირითადი საქმიანობა მარცვლეულის შენახვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და საბითუმო ვაჭრობაა. 2020 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ შვილობილი კომპანია შპს „ლარსის მარცვლეულის ტერმინალი“.