ონლაინ ვიდეორეკლამის შესაძლებლობები

ვიდეორეკლამა ინტერნეტ-რეკლამის ერთ-ერთი ის სახეობაა, რომელიც ადვილად ამახსოვრდება მომხმარებელს, დიდ გავლენას ახდენს მასზე და უფრო სწრაფად ეხმარება რეკლამის დამკვეთს სასურველი მიზნის მიღწევაში.

თუმცა, ვიდეორეკლამის ეფექტურობა ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შექმნილი ვიდეორგოლი. ამერიკელი მარკეტოლოგები იმ რამდენიმე რჩევას სთავაზობენ რეკლამის დამკვეთს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ადვილად მიიზიდოთ მომხმარებელი სულ რაღაც 20-30 წამიანი ვიდეორეკლამის მეშვეობით.

პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერაქტიური ვიდეო. სარეკლამო კომპანიების წარმომადგენელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მომხმარებლების ყურადღებას იპყრობენ ისეთი ბრენდები, რომელთა ვიდეორეკლამებიც ახალისებთ. მარკეტოლოგთა განცხადებით, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ვიდეორეკლამის ნახვის შემდეგ, მომხმარებელი უფრო ადვილად გააკეთებს არჩევანს კონკრეტული ბრენდის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს აშშ-ის ონლაინ ვიდეორეკლამების ბაზრის 15% სწორედ ინტერაქტიურმა სარეკლამო ვიდეორგოლებმა შეადგინეს. ონლაინ ვიდეორეკლამის ერთ-ერთი უპირატესობა არის ისიც, რომ თქვენ არ ხართ შეზღუდული დროში და ტვ რეკლამისგან განსხვავებით, შეგიძლიათ თქვენი პროდუქციის ან მომსახურების სარეკლამო ვიდეორგოლს რამდენი წუთიც გინდა, იმდენი დაუთმოთ.

მართალია, სტანდარტული ონლაინ ვიდეორეკლამის ხანგრძლივობა 30-40 წამია, თუმცა რამდენიმე თვის წინ YouTube-ზე გამოჩნდა 13-საათიანი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი რეკლამა გახდა. ამერიკული ფასტ-ფუდების ქსელმა "არბი" 13-საათიან ონლაინ სარეკლამო ვიდეორგოლში დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ ამზადებს საკუთარი სენდვიჩებისთვის ხორცს.

ცხადია, მარკეტოლოგები რეკლამის დამკვეთებს ამერიკული ფასტ-ფუდების ქსელის მაგალითის გაზიარებეს არ ურჩევენ, თუმცა აცხადებენ, რომ ონლაინ ვიდეორეკლამა გაძლევთ უნიკალურ შანსს, არ შეიზღუდოთ დროში.

საკუთარი პროდუქციის სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებისას ასევე სასურველია გამოიყენოთ რეტარგეტინგი. ამერიკელ მარკეტოლოგთა განცხადებით, გეოტარგეტინგის გამოყენება სასურველი იქნება განსაკუთრებით იმ ბიზნესისთვის, რომელიც ასე თუ ისე უძრავი ქონებით არის დაკავებული. და ბოლოს, განსხვავებით სატელევიზიო რეკლამისგან, ონლაინ ვიდეორეკლამის შემთხვევაში, შეგიძლიათ იმდენჯერ გაიზიაროთ თქვენი სარეკლამო ვიდეორგოლი, რამდენის სურვილიც გაქვთ, იქნება ეს თვეების თუ თუნდაც წლების განმავლობაში.