ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც თვალაბეიშვილმა ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც პოზიტიური მოლოდინია.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ჩვენ, მთავრობა დაინტერესებული ვართ, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხების განხილვა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და გარკვეულ ჯგუფებს. მზად ვართ, ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად. მივიღოთ გადაწყვეტილებები. გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის.

ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არის ის ობიექტი, რომელიც დასაყრდენი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის. ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეა, მაგრამ გვინდა, ამის დემონსტრირება მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი ”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.