გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება მზადაა, „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების თაობაზე ყველა კითხვა განიხილოს და მხარეებს ამომწურავი პასუხები მიაწოდოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მისი უწყება მზადაა, სამუშაო ფორმატში სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების თაობაზე ყველა კითხვა განიხილოს და მხარეებს ამომწურავი პასუხები მიაწოდოს.

როგორც თანდილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ყველა შესაბამისი კვლევაა ჩატარებული იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასება ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს, ასევე ჩატარებულია ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ჩვენი სამინისტროს და მთავრობის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა შეთავაზება, რომ მზად ვართ, დიალოგისთვის. არაერთი ფორმატი გვქონდა ამისთვის, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, ადგილზეც ჩავედით. მზად ვართ, გარემოს დაცვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში ექსპერტების და კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ თითოეული საკითხი, რომელიც ეხება ჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და გვქონდეს ამომწურავი პასუხები თითოეულ ამ საკითხთან მიმართებით”,- განაცხადა თანდილაშვილმა.

ამასთან, თანდილაშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰესის გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტაცია არ გადასცემია.

„ამ ეტაპზე გარემოს ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია ჯერჯერობით ევროგაერთიანებას ჩვენი სამინისტროს მხრიდან არ მიწოდებია, არ მოუთხოვიათ ჯერჯერობით. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, თუ გაერთიანება ჩათვლის, რომ საჭიროა თითოეული საკითხის განხილვა დეტალურად, ჩვენ გვექნება სრული მზაობა, რომ გავუზიაროთ ეს დოკუმენტაცია და მათი მხრიდანაც არის მზაობა, რომ მოხდეს ამ საკითხების დეტალური შესწავლა”,- განაცხადა თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და „რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენლები.