„ხორბლის ფასი 200-დოლარიან ნიშნულს სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება“ -  როგორი იქნება მარცვლეულის ფასი ახალი მოსავლის აღების შემდეგ

პროგნოზები, ხორბლის ახალ მოსავალთან დაკავშირებით თავისთავად დამაიმედებელია. თუმცა, გაძვირება იმდენად დიდი იყო, რომ ხორბლის ფასი 200-დოლარიან ნიშნულს სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, 1-ლი ივლისიდან რუსეთში იწყება მოსავლის აღება, საქართველოში კი 20 ივლისიდან და სწორედ ეს გადაწყვეტს, თუ როგორი იქნება ხორბლის და ფქვილის ფასი სამომავლოდ.

,,პროგნოზები, ხორბლის ახალ მოსავალთან დაკავშირებით თავისთავად დამაიმედებელია. თუმცა, გაძვირება იმდენად დიდი იყო, რომ სავარაუდოდ, ძველ ნიშნულს - 200 დოლარს აღარ დაუბრუნდება. იმას რომ, კლების ტენდენცია რა მასშტაბისაც უნდა იყოს, არ არის ისეთი. ეს კი გამოწვეულია რიგი მიზეზებით. მაგალითად, ერთ-ერთია რუსეთში ხორბალზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი - 509 ევრო, რომელიც 2 ივნისამდე მოქმედებდა. ამას გამოიწვია ის, რომ შარშანდელთან შედარებით მაისში 2,5-3-ჯერ ნაკლები ხორბალი გავიდა რუსეთიდან, რადგან ყველა ელოდებოდა თავისი კონტრაქტების შესასრულებლად 2 ივნისის დადგომას, როცა ბაჟი შეიცვლებოდა და დაიკლებდა.

ამ მოლოდინის ფონზე, შეუსრულებელმა კონტრაქტებმა თავი მოიყარა ივნისის თვეში. ახლა ელოდებიან, რომ ამ თვეში მაისი თვის არშესრულებული კონტრაქტები იქნება დიდი ოდენობით. აქედან გამომდინარე, ხორბალზე დიდი მოთხოვნა დარჩა და მოთხოვნა მიწოდების ასპექტში სიტუაცია ვერ დასტაბილურდა, შესაბამისად, ფასი იმ ტემპით არ მოდის დაბლა, როგორც მოსალოდნელი იყო.

ამის მიღმა, არის დამაიმედებელი ფაქტორები ქვეყნის შიგნით. ეს არის ლარის კურსი, რომელმაც საკმაოდ კარგი ტრენდი განავითარა. მომავალ კვირაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, სადაც სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი იქნება თუ არა საჭირო, ამაზე ვიმსჯელებთ მეპურეებთან და სახელმწიფოსთან ერთად. ამ დროისათვის, კონტურები მეტად გამოიკვეთება, რადგან ახლოს იქნება, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში მოსავლის აღების დრო. 1 ივლისიდან რუსეთში იწყება მოსავლის აღება, საქართველოში ივლისის 20-დან. ახლა, ეს იქნება ფასის გადამწყვეტი ფაქტორი“ ,- განაცხადა ლევან სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ИКАР-ის მონაცმებით, რუსეთში 12,5%-იანი ცილის ახალი მოსავლის ხორბლის საექსპორტო ფასი ტონაზე 260 დოლარიდან 256 დოლარამდე შემცირდა, ხოლო Совэкон-ის მონაცმებით, საგარეო ბაზრებზე ტონა რუსულ ხორბალზე ფასი 7 დოლარით შემცრდა და 265 დოლარი გახდა. ანალიტიკურ ცენტრ "რუსაგროტრანსის" ხელმძღვანელი იგორ პავენსკი აცხადებს, რომ ახალი მოსავლის ტონა ხორბალზე საექსპორტო ფასი 255 დოლარის ნიშნულზე სტაბილურად შენარჩუნებულია.

თამარ მუკბანიანი