პირველი დასახლება მსოფლიოში, სადაც ელექტროენერგიის 100%-ს განახლებადი რესურსებიდან მიიღებენ - შოტლანდიელი ახალგაზრდების ამბიციური გეგმა

როს გილისა და როს კამილი შოტლანდიელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ რაასეიზე ცხოვრობენ.

ახალგაზრდებმა, რომლებიც კუნძულზე დაიბადნენ და გაიზარდნენ, საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახეს - მათ სურთ, რაასეი მსოფლიოში პირველი დასახლება გახდეს, რომელიც საჭირო ელექტროენერგიის 100%-ს განახლებადი რესურსებისგან მიიღებს და გარესამყაროზე არ იქნება დამოკიდებული.

Euronews-ის ინფორმაციით, რაასეი საკმაოდ პატარა კუნძულია, სადაც მხოლოდ 171 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების უმეტესობას თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს. დასახლებაში რამდენიმე ბაღი და სათბურია.

ახალგაზრდების თქმით, დღესდღეობით პლანეტის უმთავრესი გამოწვევა გლობალური დათბობაა და მის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მათი აზრით, კაცობრიობის მომავალი განახლებადი რესურსების უკეთ გამოყენებაზე დგას. სწორედ აქედან გაჩნდა მათი იდეა.

ახალგაზრდები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, კუნძულზე არსებული ორი ბუნებრივი წყაროდან სპეციალური გენერატორების მეშვეობით ელექტროენერგიას მიიღებენ. მათ სურთ კუნძულზე 2 ასეთი გენერატორი დაამონტაჟონ, რაც მათ საშუალებას მისცემს წელიწადში 520 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგია მიიღონ.

ეს კი სავსებით საკმარისი იქნება კუნძულზე არსებული ყველა ოჯახის უზრუნველსაყოფად.

ახალგაზრდებმა საკუთარი გეგმა დეტალურად გაწერეს და ინფორმაცია Facebook-ზე ჯგუფ Community Benefit Society-ის მეშვეობით გაავრცელეს. მათ გასაოცრად იდეა ინვესტორთა ნაწილს ძალიან მოეწონა და მარტივად მოხერხდა საჭირო თანხის შეგროვება. ინვესტიციის სახით, მათ 600 000 ევროზე მეტი თანხა მიიღეს.

Euronews-ის ინფორმაციით, კუნძულზე გენერატორების დამონტაჟება ივნისის ბოლოდან დაიწყება და სექტემბერში დასრულდება.

„მიღებული ენერგიით სარგებლობას ადგილობრივები წლის ბოლოდან შეძლებენ. იმ თანხას კი, რაც ელექტროენერგიაში უნდა გადაგვეხადა კუნძულის განვითარებას მოვახმართ. ჩვენ ახალგაზრდებმა უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა და სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ.“- აცხადებენ ახალგაზრდები.

ბექა ბერიაშვილი