როგორ გამოიყურება უჩვეული პაბი „კორონა“, რომელიც ქვიშისგან დაამზადეს

გაერთიანებულ სამეფოში, ზღვის სანაპიროსთან მდებარე ქალაქ სენტ-აივსში მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო პაბი დაამზადეს. პაბის ასაშენებლად მხოლოდ 100%-ით ნატურალური პროდუქტები - ქვიშა, თიხა, ხე და ბამბუკი გამოიყენეს.

პაბში სულ 6 ერთმანეთისგან იზოლირებული მაგიდაა. თითოეულ მათგანს ერთდროულად 4-5 სტუმრის მიღება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ პაბის სახელწოდებაა „კორონა“, რადგან ის ამავე სახელწოდების ლუდის ბრენდის დაფინანსებით შეიქმნა. პროექტის ავტორებს სურდათ კიდევ ერთხელ გაესვათ ხაზი, რომ პანდემიის მიუხედავად დასვენება და გართობა ღია სივრცეში უსაფრთხოა.

როგორც ცნობილია, პაბი სანაპიროზე 7 ივლისამდე იფუნქციონირებს, შემდეგ კი კონსტრუქციას დაშლიან. იდეის ავტორებს სურდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ადამიანებმა გარემოზე უნდა იზრუნონ და იდეის განსახორციელებლად სულაც არ არის საჭირო უამრავი რესურსის დახარჯვა.

pab-1623572342.jpg

Dailymail-ის ინფორმაციით, პაბი სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან არაფრით განსხვავდება და მის სტუმრებს პერსონალი ისე ემსახურება, როგორც სხვა ჩვეულებრივ პაბში.

„ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ ადამიანებმა ბუნებასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ და არა მის წინააღმდეგ. და თუ ჩვენ შევძელით მთლიანად ბუნებრივი რესურსებისგან პაბი შეგვექმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობით კიდევ ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია“- აცხადებს პროექტის იდეის ერთ-ერთი ავტორი მოლი უინდელს-ლაითი.

pab1-1623572363.jpg

ბექა ბერიაშვილი