ქართული ბალი ჰიპერმარკეტების გლობალურ ბრენდ Lulu-ს ქსელში გამოჩნდება

ქართულ ბალს ყატარში გაიტანენ და ჰიპერმარკეტების გლობალურ ბრენდ Lulu-ს ქსელში გაყიდიან. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. აგროკულტურული კოოპერატივი Agrostore ბალს იმ ტრეიდერზე ყიდის, რომელიც მალე თვითმფრინავებით ბალის ექსპორტს ყატარის მიმართულებით განახორციელებს. აღნიშნული კოოპერატივი ბალს, ასევე, გარგარს ადგილობირივი ფერმერებისგან ყიდულობს და ექსპორტის სტანდარტებს უახლოებს: ახდენს ხილის პროფესიონალურ დონეზე გამოხშირვას ზომისა და ხარისხის მიხედვით და ფუთავს. აღსანიშნავია, რომ Agrostore-ს თავისი წარმოებაც აქვს და ორგანული ჟოლო მოყავს.

მიმდინარე სეზონზე ყატარში საექსპორტოდ უკვე 3,5 ტონა ბალია გამზადებული. კომპანიაში თავდაპირველად კვირაში 2 რეისის განხორციელებას საკმარისად მიიჩნევენ, ოღონდ, იმ შემთხვევეაში, თუ რეალიზიაცია მოხლოდ Lulu-ს ჰიპერმარკეტებში მოხდება.

„თუკი სხვა პარტნიორებიც გამოჩნდებიან, დღეში საჰაერო ტრანსპორტით 1,5 ტონა ხილის ექსპორტს შევძლებთ,“ - განუცხადა EastFruit-ს კოოპერატივის წარმომადგენელმა, ზურაბ ალავიძემ.

მაისი ქართული ბალის სეზონის დასაწყისია. გაზაფხულის არახელსაყრელი ამინდების გამო მაისის ბალზე მაღალი ფასებია, მაგრამ ამის მიუხედავად, ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მოსავლის მხრივ უზბეკეთს მეტი პრობლემები ჰქონდა და ბალი იქაც გაძვირდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მაისში საქართველოდან ექსპორტზე 9,9 ტონა ბალი გაიტანეს, რაც EastFruit-ის შეფასებით, ადრეული სტარტისა და მაღალი ფასების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი მაჩვნებელია. როგორც წესი, ქართული ბალის ექსპორტი ივნის-ივლისში ხდება.

მართალია, ქართული ბალის ძირითადი იმპორტიორი მაისში ისევ რუსეთი იყო, მაგრამ 1,4 ტონა ტკბილი ქართული ხილი ყატარშიც გადააფრინეს. EastFruit-ის ცნობით, ყატარულ ექსპორტს თავისი სირთულეები აქვს: მაღალი სატრანსპორტო ხარჯები, პროდუქციის ხარისხზე და შეფუთვაზე მკაცრი კონტროლი და თვითმფრინავის შეუდარებლად მცირე სატვირთო მოცულობა. თუმცა ამის მიუხედავად, ყატარის ბაზარზე ქართული ბალის შეტანა ფასების მხრივ მეტად მომგებიანია.

თუკი მაისი ქართული ბალის სეზონის დასაწყისია, მოელიან, რომ ივნის-ივლისში ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ფასების კლებასთან ერთად, ბალს სულ უფრო მეტი ტრეიდერი ყიდულობს.

EastFruit-ის მონაცემებით, 26 მმ-იანი ბალის ფასმა ივნისის პირველ კვირაში მკვეთრად მოიკლო და კილოგრამზე 12 ლარიდან (3,55 დოლარი) 6 ლარამდე (1,9 დოლარამდე) გაიაფდა, თვის მეორე კვირაში კი კილოგრამის ფასი კიდევ უფრო დაბლა, საშუალოდ, 5 ლარამდე (1,5-1,6 დოლარამდე) ჩამოვიდა, რაც უზბეკურ მსხვილ ბალზე ოდნევ მეტია.

2020 წელს ქართული ბალის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, თითქმის გასსამმაგდა, 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 504 ათასი ტონა შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ