ქართულ ბაზარზე გაუყიდავი კარტოფილი ფერმერებმა რუსებს მიჰყიდეს - ერთჯერადი ექსპორტი თუ ახალი საექსპორტო ფანჯარა

2020-21 სეზონური წლის ჭარბი მოსავლისა და დაბალი ფასების გამო რუსეთის მიმართულებით ქართული კარტოფილის ექსპორტი გაიზარდა. EastFruit-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 5 მლნ დოლარის კარტოფილის (სათესლე კარტოფილის გამოკლებით) ექსპორტი მოხდა, რომლის 93% რუსეთის წილია. ბოლო სეზონის საექსპორტო ღირებულება 21%-ით მეტია ყველა წინა წელთან შედარებით, ხოლო ექსპორტის ძირითადი პერიოდი აპრილ-მაისია, რა პერიოდზეც 5 მლნ დოლარის შემოსავლის 85% მოდის.

აპრილ-მაისში საექსპორტე მოცულობა 11 ათასი ტონა იყო, რაც ბოლო 5 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ მეტია. აქედან 79% ანუ 9,5 ათასი ტონა კარტოფილი რუსეთში გაიტანეს, სადაც საექსპორტო ფასი 0,40-0,45 დოლარი იყო, ფერმერებს კი 0,27-0,35 დოლარს უხდიდნენ, რაც მათთვის მეტად მისაღებ ფასს წარმოადგენდა.

სწორედ აპრილ-მაისი იყო, როცა ფერმერებს მოსავალი გაუყიდავი დარჩათ და მარაგი ისე გაეზარდათ, რომ გადასაყრელიც კი გაუხდათ. ფერმერებმა სიტუაციიდან ორი გამოსავალი იპოვეს: კარტოფილი ექსპორტზე გაეტანათ ან ისევ მიწაში ჩაეფლოთ. მომავალ სეზონზე ფასების ზრდის იმედად, მორჩენილი კარტოფილი ხელახლა ჩათესეს. ამდენად, თუკი ამინდმა გაამართლა, სექტემბერში კვლავ კარტოფილის ჭარბი მოსავალია მოსალოდნელი.

EastFruit-ის შეფასებით, რუსეთში ექსპორტი სწორედ ამ გადაუდებელმა აუცოლებლობამ განაპირობა, რაც სულაც არ ნიშნავ იმას, რომ საქართველომ კარტოფილის რუსულ ბაზარზე საექსპორტო ფანჯრის გამოყენება დაიწყო. ეს ფანჯარა, როგორც წესი, წლის მეორე კვარტალში ჩნდება, რადგან რუსეთი ამ პერიოდში კარტოფილის გარკვეული მოცულობის იმპორტს ეწევა.

„გახდება თუ არა რუსეთში ექსპორტი სისტემატური, თუ დროებით, ერთჯერად შესაძლებლობად დარჩება?! ეს მხოლოდ ქართველ ფერმერებზეა დამოკიდებული,“ - წერს პორტალი, რომლის შეფასებით, ქართველ ფერმერებს იმპორტიორებთან ურთიერთობის გამოცდილება ნაკლებად აქვთ.

ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო მიმართულება აზერბაიჯანია. როგორც წესი, აზერბაიჯანელი გადამყიდველები ჩამოდიან საქართველოში, კარტოფილს ყიდულობენ და სატვირთო მანქანებით უკან ბრუნდებიან, მაგრამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანელების მხრიდან დიდი მოთხოვნა აღარ ყოფილა და როგორც ჩანს, ერთჯერადად აზერბაიჯანულს რუსული სატვირთო მანქანები ჩაენაცვლა.

„კარტოფილის მინდვრებზე ამჯერად რუსული სატვირთო მანქანები გამოჩნდნენ, რაც იშვიათი შემთხვევაა, რადგან ქართულ კარტოიფილს ადგილზე, როგორც წესი, აზერბაიჯანელი ტრეიდერები ყიდულობენ,“ - წერს პორტალი.

EastFruit-ის მონაცემებით, რუსეთში ქართული კარტოფილის ექსპორტის წლიური ღირებულება 650 ათას დოლარს არასდროს აღემატებოდა, აპრილ-მაისში კი მან 4 მლნ დოლარს გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ